კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში მომხმარებლის უფლებების კანონის აღსრულების საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრები მიმდინარეობს
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, „მომხმარებლის უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე მომზადებული კანონქვემდებარე აქტის განხილვის, დამუშავების მიზნით, სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, კანონქვემდებარე აქტის პროექტის დახვეწის მიზნით, სააგენტოს წარმომადგენლები საქართველოში მოქმედ 20-მდე ბიზნეს ასოციაციის, სამოქალაქო სექტორის, ელექტრონული კომერციის ასოციაციის პარტნიორ ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლებს და დარგის ექსპერტებს შეხვდნენ. განხილულ იქნა „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე შედგენილი საქმის შესწავლის წესისა და პროცედურის პირველადი ვერსია, რაც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ყველა მხარისთვის ცხადი რეგულაციების შექმნას და, მეორე მხრივ, სააგენტოს დაეხმარება მომხმარებლის უფლებები ეფექტიანად დაიცვას. შეხვედრაზე წარმოდგენილი რეკომენდაციები, შენიშვნები მხარეებმა ორმხრივ დონეზე განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის ფორმატზე შეთანხმდნენ. ასევე, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების და შესწავლის მიზნით, სააგენტოს მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებსა და პოლონელ კოლეგებს შორის ონლაინ სამუშაო შეხვედრა შედგა. პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით, პოლონელი კოლეგების მხრიდან, წარმოდგენილ იქნა მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით სხვადასხვა ქეისები, მიდგომები, გამოწვევები, სამიზნე აუდიტორიასთან მუშაობის მეთოდები და ა.შ.
შეხვედრაზე, მხარეებმა დეტალურად განიხილეს საქონლის დაბრუნების წესი და გამონაკლისები, ასევე, ჯარიმის გამოთვლის პროცედურა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიასთან შეხვედრები გაგრძელდება.
2022 წლის 1 სექტემბრიდან, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიზნით, სააგენტოში ცხელი ხაზი ამოქმედდა – 2 05 4422; 598 05 4422. შესაბამისად, ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია დარეკოს და მისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოს. მათ შორის, რას მოიცავს: მოვაჭრის ვალდებულებები, დისტანციური და სარეწს გარეთ დადებული ხელშეკრულებები, ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგები. შეძენილი საქონლის და მომსახურების დაბრუნების პროცედურები და ა.შ. ასევე, 1 ივნისს TWINNING-ის პროექტი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც კონსულტაციებს და ტექნიკურ მხარდაჭერას კონკურენციის სააგენტოს – ლიეტუვას და ავსტრიის კონკურენციის უწყებების პროფესიონალთა გუნდი გაუწევს. პროექტის მიზანია – ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესაბამისად, კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის პოლიტიკის მიმართულების გაძლიერება, საქართველოში მომხმარებლის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესა, დაცვის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა და პატივისცემაზე დამყარებული ქცევის კულტურის გაძლიერება.
მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონი ძალაშია 2022 წლის 1 ივნისიდან. კონკურენციის ეროვნული სააგენტო განაცხადების მიღებას და დარღვევებზე რეაგირებას 1 ნოემბრიდან დაიწყებს.