ირაკლი მეძმარიაშვილი: სპორტის ხელშეწყობა სახელმწიფოს უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად უნდა ვაქციოთ

„ჩვენ მოვისმინეთ მინისტრის ანალიზი სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში არსებულ ვითარებაზე და მოვისმინეთ, თუ როგორ ხედავს მთავრობა ამ მნიშვნელოვანი სფეროს შემდგომი განვითარების გზებს. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ისეთი სპორტული წარმატებების მქონე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, – ამის შესახებ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი მეძმარიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.

ირაკლი მეძმარიაშვილმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა პოლიტიკაში არსებულ გამოწვევებზე და კომიტეტის  პრიორიტეტებსა და დასახული მიზნების მიღწევის გზებზე  ისაუბრა. მისი თქმით,  პირველ რიგში საჭიროა თანამედროვეობას მორგებული სპორტის ეროვნული სტრატეგიის შემუშავება.

„2021 წელს, კომიტეტმა შეისწავლა საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურის პოლიტიკის განვითარების გამოწვევები. ჩატარდა კვლევა და მომზადდა რეკომენდაციები საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის. ასევე კომიტეტი უახლოეს მომავალში  გეგმავს საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას ამ მიმართულებით“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

პროფესიულ სპორტთან დაკავშირებით მან განაცხადა, რომ შესაცვლელია სპორტული ორგანიზაციების დაფინანსების არსებული პოლიტიკა.

„სპორტულ ორგანიზაციებში კარგი მმართველობის პრინციპების დასანერგად კომიტეტის მიერ დაინიცირდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც სამინისტროსთან თანამშრომლობით შემუშავდა და ვფიქრობ, პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე მიიღებს“, – აღნიშნა ირაკლი მეძმარიაშვილმა.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდობის მიმართულებით არსებულ პოლიტიკაზე და ის მნიშვნელოვანი ღონისძიებები ჩამოთვალა, რაც ახალგაზრდობის წინაშე არსებული გამოწვევების გამკლავებისთვის მნიშვნელოვანი საშუალებებია.

„ვფიქრობ, სპორტის ხელშეწყობა სახელმწიფოს უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად უნდა ვაქციოთ. ამავე დროს, მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ საქართველოს ბიუჯეტის არანაკლებ 1% სრულად იხარჯებოდეს ქართული სპორტის განვითარებისთვის“, – განაცხადა ირაკლი მეძმარიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები