ელისო ბოლქვაძე: მუდმივად საჭიროა საქართველოს წარმოჩენა, როგორც ქვეყნის შიგნით ცნობიერების ამაღლებისთვის, ასევე საერთაშორისო სივრცეში ქვეყნის პოპულარიზაციისთვის

„უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოს მხრიდან კულტურის სფეროს განსაზღვრა ქვეყნის პრიორიტეტულ მიმართულებად. მისასალმებელია, რომ  საქართველოს პარლამენტში დამოუკიდებელ ერთეულად ჩამოყალიბდა კულტურის კომიტეტი და შეიქმნა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო“, – ამის შესახებ კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, თეა წულუკიანს მოუსმინეს.

მისი თქმით, საქართველო მდიდარი ისტორიისა და კულტურის მქონე ქვეყანაა და მუდმივად საჭიროა მისი წარმოჩენა, როგორც ქვეყნის შიგნით ცნობიერების ამაღლებისთვის, ასევე საერთაშორისო სივრცეში ქვეყნის პოპულარიზაციისთვის.

„მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო დაფინანსების გარდა აუცილებელია მოხდეს დაფინანსების სხვა წყაროების მოძიება, კერძო სექტორის წახალისება და საერთაშორისო დაფინანსებების მობილიზება, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, ასევე ქართველ ხელოვანთა პროფესიული განვითარების მხარდაჭერის კუთხითაც. აუცილებელია კულტურული მრავალფეროვნების განვითარება და ხელშეწყობა, კერძოდ, მნიშვნელოვანია, შენარჩუნდეს და გაუმჯობესდეს კულტურული სივრცეებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა, რომელიც დაიტვირთება სხვადასხვა აქტივობებით საზოგადოების ფართო ჩართულობით.  განსაკუთრებით სკოლის მოსწავლეებსა და ახალგაზრდებს გავუსვამდი ხაზს“, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია და პრიორიტეტულია კულტურულ სფეროში   ინკლუზიურობის უზრუნველყოფა. მეტი ხელმისაწვდომობა სახელოვნებო და კულტურულ დაწესებულებებზე, ამასთანავე კულტურის ცხოვრების მაღალი დინამიკა საქართველოს სოფლებსა და ქალაქებში, განურჩევლად გეოგრაფიული მდებარეობისა. მისივე განცხადებით, კულტურის კომიტეტმა სამოქმედო გეგმის მიხედვით დაიწყო თემატური მოკვლევა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების სტატუსის მქონე,   საფორტიფიკაციო ნაგებობების კონსერვაცია/რესტავრაცია და ფუნქციური რევიტალიზაციის შესახებ.

„ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში 1000-მდე საფორტიფიკაციო ობიექტია, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. მიგვაჩნია, რომ  საფორტიფიკაციო ძეგლების აღდგენა-გადარჩენაში უნდა მოხერხდეს კერძო სექტორის და დაინტერესება მაღალი ჩართულობა“, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

ელისო ბოლქვაძემ ყურადღება გაამახვილა სახელოვნებო განათლების რეფორმის პროექტზე, რომელიც კულტურის კომიტეტისა და სამინისტროს კოორდინაციის შედეგად მზადდება.

რეფორმა ხელს შეუწყობს კულტურის ექსპორტს, ინოვაციების და ტექნოლოგიების დანერგვას კულტურის სფეროში. მისივე განცხადებით, კულტურის კომიტეტის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი ახალი კულტურის კომიტეტის შექმნის დღიდან გახლავთ კულტურული დიპლომატიის გაღრმავება, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის გზას უწყობს ხელს და აახლოებს მსოფლიო ცივილიზაციასთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები