თეა წულუკიანი: ქართული სერიალები არის ის ნიშა, რომელიც ქართულმა კინო ინდუსტრიამ უნდა აითვისოს – ჩვენ წელს დავაფინანსებთ სცენარის განვითარებას

კულტურის სამინისტრო კინოცენტრთან ერთად პირველად გამოაცხადებს კონკურსს მინისერიალის სცენარის განვითარებაზე, – ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში, “მინისტრის საათის” ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ქართული სერიალები არის ის ნიშა, რომელიც ქართულმა კინო ინდუსტრიამ უნდა აითვისოს.

„26 სექტემბერს კულტურის სამინისტრო კინოცენტრთან ერთად პირველად გამოაცხადებს კონკურსს მინისერიალის სცენარის განვითარებაზე. ვფიქრობ, ქართული სერიალები არის ის ნიშა, რომელიც ქართულმა კინო ინდუსტრიამ უნდა აითვისოს. ჩვენ წელს დავაფინანსებთ სცენარის განვითარებას. სერიალი რამდენიმე თემატიკას უნდა პასუხობდეს: საქართველოს უახლესი ისტორია, ქართველი კლასიკოსი მწერლები და ქართული სპორტი. ეს ვერ იქნება დოკუმენტური, საუბარია მხატვრულ, მაქსიმუმ 5 სერიალზე. თითოეული 45-დან 60 წუთამდე ხანგრძლივობით. თითო სერიის განვითარებაზე ვვარაუდობთ, რომ გამარჯვებულ პრეტენდენტებთან ერთად დავხარჯავთ 10 000 ლარს. ეს არ არის ხელწამოსაკრავი ბიუჯეტი. უკვე ვაანონსებ,რომ 26 სექტემბერს კონკურსი გამოცხადდება. პრიორიტეტი მიენიჭებათ იმ კომპანიებს, კინოინდუსტრიის იმ წარმომადგენლებს, ვისაც პარტნიორებად ჰყავთ ციფრული პლატფორმა, სადაც შემდეგ მინისერიალებს აჩვენებენ. ვინაიდან ალბათ დაგვეთანხმებით, მინი სერიალი არ გვინდა იმისთვის, რომ ჩვენ თვითონ ვუყუროთ. ასევე, ან კინოდარბაზები ან კიდევ ტელევიზიები. რა თქმა უნდა, ის ტელევიზიები, ვისაც კულტურის სამინისტროსთან თანამშრომლობა „ცოდვაში“ არ ეთვლება“, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები