თეა წულუკიანი: დაკარგულად ითვლება 2640 ექსპონატი – ეს არის არაპირდაპირი პასუხი, რატომ არის ზოგიერთი თანამშრომელი დღეს „ყოფილის“ სტატუსით

სხვადასხვა მუზეუმში ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგები აჩვენებს, რომ დაკარგულია 2 640 ექსპონატი – ეს არის არაპირდაპირი პასუხი კითხვაზე თუ რატომ არის ზოგიერთი თანამშრომელი დღეს „ყოფილის“ სტატუსით, – ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, დაკარგულ ექსპონატებს შორის არის ელენე ახვლედიანის, ლადო გუდიაშვილის, გიგო გაბაშვილის, ზურაბ ნიჟარაძისა და სხვათა ნამუშევრები, ეთნოგრაფიული მუზეუმის ერთ-ერთ ფილიალში კი არცერთი ექსპონატი აღარ არის.

„გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეასა და სიღნაღის ეთნოგრაფიულ-ისტორიულ მუზეუმში ინვენტარიზაციის შედეგები გვაჩვენებს, რომ დაკარგულად ითვლება 2640 ექსპონატი. ეს არის ფაქტი! შესაბამისად, ეს არის არაპირდაპირი პასუხი, თუ რატომ არის ზოგიერთი თანამშრომელი „ყოფილის“ სტატუსით დღეს. როდესაც შენ გაბარია ექსპონატი და ამას ვერ უვლი, როცა ამ ექსპონატს არ აქვს პასპორტი, როდესაც 90-იანი წლებიდან, 2010 წლიდან გაგზავნილი გაქვს უცხოეთში ფერწერული ტილო და შენ არ ინტერესდები, სად არის ის, რა საკვირველია, ასეთი ადამიანი ფონდში ვერ იმუშავებს. რამდენიმე ექსპონატს ჩამოვთვლი მაგალითისთვის: გიგო გაბაშვილის „სასულიერო პირი“; ელენე ახვლედიანის „ბრძოლის შემდეგ“; მოსე თოიძის „ტყეში“; გიგო გაბაშვილის „ხალიანი მამაკაცი“ და „ხევსურების დღეობაზე – ალავერდობა“; შალვა ქიქოძის „პარიზის ეტიუდი“; ირაკლი გამრეკელის „მე და ცირკი“; აპოლონ ქუთათელაძის „შესვენება, „ბალერინა“; „უხვი მოსავალი“ და „შემოდგომა გურიაში“; ზურაბ ნიჟარაძის „ივდითი“, „გოგონა თუთიყუშით“ და „აკრობატები“; ბორის ფოგელის „სამხრეთის პეიზაჟი“.

ქანდაკების და კერამიკის ფონდიდან დაკარგულად ითვლება: ნიკოლოზ კანდელაკის „ხორავას პორტრეტი“; „ჯანელიძის ბიუსტი“; „ანჟელიკა კაუფმანის “პრუსიის დედოფალ ლუიზას პორტრეტი“; ადრიან ფან ნიულანდის „მუსიკალური შეჯიბრი“; ჟან შარდენის „ნატურმორტი“; ანტონის ვან დეიკის „მხატვარ მომპერეს პორტრეტი“; აივაზოვსკის „სევასტოპოლის აღება“ და „თბილისის ხედი სეიდაბადიდან“; ვასილ პეროვის „ლიტონიობის ღამე“; აივაზოვსკის „მზის ჩასვლა“; რუბელიეს „ავტოპორტრეტი“; ალექსანდრე ბენუა „არხი ვენეციაში“; მალიავინის „ქალიშვილის პორტრეტი“ და ეს შემიძლია უსასრულოდ გავაგრძელო. ის ვინც ვერ იცავს, ვერ მუშაობს მუზეუმში. ეთნოგრაფიული მუზეუმის ერთ-ერთ ფილიალში ადგილზე დახვედრილი ექსპონატების ცხრილში წერია ნული, არცერთი აღარ დაგვხვდა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ეთნოგრაფიული მუზეუმის ოდა სახლები, მეჩეთები და სხვა ჩვენი უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები უმძიმეს მდგომარეობაშია“, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები