ილია ჭავჭავაძის საიუბილეო მინი-ფესტივალის ბოლო ღონისძიება

22 სექტემბერს, 18 საათზე, ისნის რაიონში, საცხოვრებელ კომპლექს „ორთაჭალის ტურფასთან“ მდებარე სკვერში ბოლო ღონისძიება გაიმართება, სადაც ილიას შესახებ საჯარო ლექციას წაიკითხავს მწერალი, გადაცემა „წიგნის თაროს“ წამყვანი ალექსანდრე ლორთქიფანიძე, ხოლო მსახიობი ქეთევან შერვაშიძე შეასრულებს მხატვრულ-ლიტერატურულ კომპოზიციას ილიას მკვლელობის შესახებ.
ორგანიზატორების ინფორმაციით, 12 სექტემბრიდან, სიმბოლურად, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღიდან, სტარტი აიღო ათდღიანმა მინი-ფესტივალმა „ილია 185 – თბილისის ცის ქვეშ“, რომელიც თბილისის მასშტაბით ყველა რაიონში ხორციელდება.
„წინა 9 დღის განმავლობაში კი მთაწმინდის პანთეონში პროექტის გახსნის დღეს მთაწმინდის პანთეონში შედგა თეატრალიზებული, კოსტიუმირებული კომპოზიცია „ილია – მუხა უდაბნოში“ და ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემიით დაჯილდოების ცერემონია, შემდეგ დღეებში კი თბილისის სხვადასხვა რაიონის სკვერებსა და პარკებში წარმოდგენილი იყო ილია ჭავჭავაძის შესახებ საჯარო ლექციებისა და ლიტერატურული ინტერმედიების სერია, რომელშიც ჩართული იყვნენ ლიტერატურის, მეცნიერებისა და თეატრალური ხელოვნების სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები.
ილიას შესახებ საუბრებს უძღვებოდნენ: მწერალი როსტომ ჩხეიძე, მწერალი ანა კორძაია-სამადაშვილი, ფილოლოგები: გია მურღულია და თამარელა წოწორია, რეჟისორი და დრამატურგი გიორგი სავანელი, ისტორიკოსი ბეჟან ჯავახია, პოეტი რატი ამაღლობელი და ფილოსოფოსი ლელა გაფრინდაშვილი, ლიტერატურული ნაწილს კი წარმოადგენდნენ: პოეტი თინათინ მღვდლიაშვილი და მსახიობები: ია შუღლიაშვილი, ვალერი კორშია, ნინო მუმლაძე, გეგა სალუქვაძე, თეკა კოხრეიძე, გიორგი გურული.
პროექტი განხორციელდა „ეროვნული იმპერატივისა“ და „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის“ ავტორობითა და ორგანიზებით და ქალაქი თბილისის მერიის მხარდაჭერით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები