არჩილ თალაკვაძე: ყველა რთული საქმე შედეგით ფასდება და შედეგი არის ის, რომ პოლიციამ ყველა მძევალი გაათავისუფლა და თავდამსხმელი დააკავა

მინდა, მეც ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თითოეულ სამართალდამცველს და პირადად შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს, ვინც სპეცოპერაციის ჩატარების დროს, მოადგილეებთან ერთად, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა და გუშინ ქუთაისში ჩატარებულ სპეცოპერაციას გამოეხმაურა.

“გუშინ ქუთაისში პოლიციამ წარმატებით ჩაატარა სპეცოპერაცია, რომელიც თავდამსხმელის განეიტრალებას და მოქალაქეების გათავისუფლებას ისახავდა მიზნად. რთული დღე იყო, რომელმაც კიდევ ერთხელ დაანახა საზოგადოებას, რომ ჩვენი ხელისუფლებისთვის მთავარი ღირებულება არის ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ზრუნვა, პირველ ყოვლისა, ადამიანზე.

ყველა რთული საქმე შედეგით ფასდება და შედეგი არის ის, რომ პოლიციამ ყველა მძევალი გაათავისუფლა და თავდამსხმელი დააკავა. ოპერაცია მსხვერპლის გარეშე ჩატარდა.

მინდა, მეც ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თითოეულ სამართალდამცველს და პირადად შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს, ვინც სპეცოპერაციის ჩატარების დროს მოადგილეებთან ერთად, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა.

იმ ფონზე, როცა, სამართალდამცველები საკუთარი სიცოცხლის ფასად, მძევლების გათავისუფლებას ცდილობდნენ, მთელი ქვეყანა კი მათ გულშემატკივრობდა – ნაციონალური მოძრაობის ლიდერები და მათი თანამოაზრეები პოლიციელებს აკრიტიკებდნენ და დასცინოდნენ. მეტიც – ვნახეთ კოორდინირებული მცდელობები, ხალხისთვის შეესაღებინათ მორიგი სამარცხვინო დეზინფორმაცია, თითქოს ეს ყველაფერი “დადგმული” იყო. მოდელირებული ომის, ტყეში შენახული კასრების და ფატალურად დასრულებული არაერთი საქმის ავტორებისგან ეს არავის გაუკვირდება, თუმცა რეაქცია ყოველთვის საჭიროა ასეთ უმსგავსობაზე”, – აცხადებს თალაკვაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები