სამტრედია–გრიგოლეთის მესამე მონაკვეთის მშენებლობა იწყება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აღმოსავლეთ-დასავლეთის E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია–გრიგოლეთის გზის მესამე მონაკვეთის მშენებლობას იწყებს.
ხელშეკრულება გაფორმდა და მას ხელი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარატამენტის თავმჯდომარის მოადგილემ სალომე წურწუმიამ და საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანიის „Hunan Road & Bridge Construction Group Co Ltd“-ის წარმომადგენელმა – ვინსენტ მა-ჯინმა მოაწერეს. სამტრედია–გრიგოლეთის გზის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის (ლოტი 3) მშენებლობას ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს. პროექტი 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 6 სახიდე გადასასვლელის, 2 სატრანსპორტო კვანძის, საქონლისა და საველე გასასვლელების მშენებლობას ითვალისწინებს. გზის აღნიშნული მონაკვეთი გურიის რეგიონში ქ. ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს გაივლის.
სამტრედია-გრიგოლეთის გზა, რომელიც, საერთო ჯამში, 52 კმ-იანი მონაკვეთისაგან შედგება, ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის 42-ე კმ-ზე, მდინარე ოჩოფასთან იწყება და გრიგოლეთის ტერიტორიაზე, მდინარე სუფსასთან მთავრდება. აღნიშნული გზის ჩქაროსნულ მაგისტრალად მოდერნიზების პროექტი 4 მონაკვეთად (ლოტად) ხორციელდება. სამტრედია-გრიგოლეთის გზის მეორე – ჯაპანა-ლანჩხუთის მონაკვეთი უკვე ექსპლუატაციაშია შესული, ხოლო პირველი და მეოთხე მონაკვეთების დასრულება მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება.