მიხეილ სარჯველაძე: მტკნარი ტყუილი აღმოჩნდა, რომ ოპოზიცია ალტერნატიულ კანონპროექტებზე მუშაობდა

მიშელის დოკუმენტის პათოსის შეხსენება თუ ვინმეს სჭირდება, ეს ოპოზიციაა, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ისაუბრა, რითაც ოპოზიციის ნაწილი საერთო განცხადებას გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, ოპოზიციის გადაწყვეტილება სამუშაო ჯგუფისგან გამიჯვნაზე შეცდომა იყო.

“მცდარი იყო მიმართულება, რომ ალტერნატიულ გეგმაზე ემუშავათ. მათ მიერ დასახელებული არც ერთი მიზეზი არ აღმოჩნდა არც ნამდვილი და არც სწორი, ბოლოს ითქვა, რომ ალტერნატიულ კანონპროექტებზე მუშაობდნენ და ესეც მტკნარი ტყუილი აღმოჩნდა. თავიდანვე მიმაჩნდა, რომ მათი გეგმა იყო აბსოლუტურად მცდარი და არასწორი. რაც შეეხება მათი მხრიდან საბაზისო მიდგომებს, ამას საბაზისოს დავარქმევთ, ფაკულტატიურს თუ ნებისმიერ სხვას, ყველა იდეისთვის როგორც აქამდე იყო ღია კარი, ასე დარჩება. თუმცა, ცალკეულ საკითხებზე განსხვავებული მოსაზრებებია, მაგალითად, შარლ მიშელის დოკუმენტის აღდგენაზე. მიშელის დოკუმენტის არსი იყო, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას ერთად ემუშავათ. ხელისუფლებამ ამისთვის კარი გახსნა ფართოდ, ოპოზიციამ ამისგან თავი შეიკავა. თუ ამ დროს ვინმეს სჭირდება, მიშელის დოკუმენტის პათოსის შეხსენება, ეს არის ოპოზიცია”, – განაცხადა სარჯველაძემ.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 რეკომენდაციაზე მომუშავე საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები და დამოუკიდებელი დეპუტატები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ხელისუფლებას სთავაზობენ არა ყველა პროექტს, რომელიც მათ სამუშაო ფორმატში შეიმუშავეს, არამედ, იმ ბაზისურ მიდგომებს, რომელიც შეჯერებულია არასამთავრობო სექტორის ხედვებთან და რეალისტურია დარჩენილ მოკლე ვადაში შესასრულებლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები