საქართველოს პარლამენტში საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეთერთმეტე სხდომა გაიხსნა

პარლამენტში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეთერთმეტე სხდომა გაიხსნა. სხდომა საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციების, საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარეების, მაკა ბოჭორიშვილისა და მარინა კალიურანდის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს.

სხდომაზე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ისაუბრეს. განხილვის თემას წარმოადგენს საქართველოში დემოკრატიული რეფორმების კონსოლიდაცია და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა.

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე განიხილება საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება და უკრაინის წინააღმდეგ მიმართული რუსეთის აგრესიული ომის გავლენა საქართველოზე; საქართველოს შერიგების პოლიტიკა ოკუპირებული რეგიონების მიმართ; ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა. დღის წესრიგით გათვალისწინებულია ასევე, საქართველო-ევროკავშირის ეკონომიკური ინტეგრაცია, ასოცირების შესახებ შეთანხმების, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების კუთხით მიღწეული პროგრესი და არსებულ გამოწვევებზე მსჯელობა.
დღესვე, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეთერთმეტე შეხვედრის მეორე სამუშაო სესიაზე განიხილება საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობა დაკავშირებადობის მიმართულებით, მათ შორის, თანამშრომლობა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში; თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში და ციფრული დაკავშირებადობა. ასევე, გათვალისწინებულია მსჯელობა დასაქმებაზე, სოციალურ პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები