პარლამენტმა კანონპროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ და 84 ხმით მხარი დაუჭირა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, კანონპროექტი ზოგადი პრინციპების დონეზე ერთ-ერთმა ინიციატორმა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ეკა სეფაშვილმა წარადგინა.

უწყების ცნობით, მომხსენებლის განცხადებით, მოქმედ კანონში ცვლილებები მიზნად ისახავს ასოცირებით შეთანხმებული ვალდებულებების, კერძოდ აუდიოვიზუალური მედია მომსახურების შესახებ ევროკავშირის დირექტივების საქართველოს კანონმდებლობაში იმპლემენტაციას.

„აღნიშნული ცვლილებები განპირობებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში, რომელიც გათვალისწინებულია აღნიშნული ხელშეკრულების 23-ე დანართში. აღნიშნული ცვლილებები ეხება  აუდიოვიზუალური მომსახურებების სფეროში ევროკავშირის დირექტივის დებულებების დანერგვას საქართველოს კანონმდებლობაში. ეს არის ჩვენი ვალდებულება და წინგადადგმული ნაბიჯი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. გარდა ამისა ცვლილებები საჭიროა „შემოქმედებითი ევროპის” პროგრამაში სრულყოფილად მონაწილეობის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

მისივე თქმით, კანონპროექტის საშუალებით დარეგულირდება და გათვალისწინებულია სიძულვილის ენის, ტერორიზმისაკენ მოწოდების და ახლებურად პასუხის უფლების რეგულირება.

როგორც ეკა სეფაშვილმა განაცხადა, კანონპროექტის ინიციატორები მზად არიან ყველა დაინტერესებულ პირთან თანამშრომლობისათვის კანონპროექტის შემდგომი სრულყოფის მიზნით.

საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები არიან პარლამენტის წევრები: გიორგი ამილახვარი, ისკო დასენი, ბეჟან წაქაძე, დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, გელა სამხარაული, ლევან მგალობლიშვილი, ბაია კვიციანი, ირაკლი მეზურნიშვილი, ბექა ოდიშარია და ქეთევან დუმბაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები