მაკა ბოჭორიშვილი და ბექა ოდიშარია საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის წევრს, ფრედერიკ პეტის შეხვდნენ

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ შეხვედრა გამართეს საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრთან, ფრედერიკ პეტისთან.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობები და საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები მიმოიხილეს. საუბრის მთავარ თემას წარმოადგენდა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგი და ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობა.

მაკა ბოჭორიშვილმა ფრანგ კოლეგას საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობა, საქართველოს პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობა და დაგეგმილი საკანონმდებლო ინიციატივები გააცნო.
ხაზი გაესვა ევროპელი პარტნიორების, მათ შორის, საფრანგეთის, როგორც პოლიტიკურ დონეზე მხარდაჭერის, ისე პრაქტიკული დახმარების მნიშვნელობას. ფრანგმა კოლეგამ აღნიშნა, რომ მიესალმება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს და ამ კუთხით საფრანგეთის მხარდაჭერა გამოხატა. შეხვედრისას, ფედერიკ პეტიემ აღნიშნა, რომ მისთვის პრიორიტეტულია დიასპორული მიმართულება, ვინაიდან თავად დიასპორული კვოტით (გერმანია და ცენტრალური ევროპა) არის არჩეული. სტუმარი დაინტერესდა დიასპორისა და კავკასიის კომიტეტის საქმიანობით, საქართველოს დიასპორული საკანონმდებლო ბაზით, თუ სახელმწიფო რა სერვისებს სთავაზობს და როგორ ახერხებს დიასპორელთა ინტერესების დაცვას. ბექა ოდიშარიამ სტუმარს მიაწოდა ინფორმაცია კომიტეტის საქმიანობის შესახებ. გააცნო საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან მიმართებით.

აღნიშნა, რომ საქართველოს კანონმდებლობით არის განსაზღვრული უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის და დიასპორული ორგანიზაციის სამართლებრივი სტატუსი და საკანონმდებლო დონეზე არის დარეგულირებული უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან და დიასპორულ ორგანიზაციებთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები. ფედერიკ პეტიემ და ბექა ოდიშარიამ გამოთქვეს მზადყოფნა დიასპორის მიმართულებით ითანამშრომლონ და ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება. შეხვედრას საქართველოში ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი, კამი ნორა და საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები