როგორ  და რა ტექნოლოგიებით  ტარდება არჩევნები ელექტრონულად –  ლადო ბოჟაძის განმარტება   

როგორ და რა ტექნოლოგიებით ტარდება არჩევნები ელექტრონულად, როგორ მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი, როგორ ხდება ამომრჩეველთა იდენტიფიკაცია, ხმის მიცემა – ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტება  თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, საარჩევნო საკითხების სპეციალისტმა,  ლადო ბოჟაძემ  მედიაჰოლდინგ  „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას გააკეთა.

ბოჟაძის თქმით,  არჩევნების ელექტრონულად ჩატარება პროგრესული, წინ გადადგმული ნაბიჯია.

„დღეს იმ საარჩევნო ცვლილებებზე ვსაუბრობთ,   რომელიც კანონპროექტის სახით საქართველოს პარლამენტს  უკვე წარდგენილი აქვს. თქვენ იცით, რომ 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი საარჩევნო რეფორმას ეხებოდა და „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო ოპოზიციასთან ერთად პარლამეტში სამუშაო ჯგუფი შექმნა , რომელშიც რადიკალური ოპოზიცის გარდა,  ყველა სხვა საპარლმანეტო პარტიაა ჩართული. ყველა რეკომენდაცია, რაც კი საქართველოსთან მიმართებაში ეუთო/ოდირს, თუ ვენეციის კომისიას ჰქონდათ,  კანონპროექტშია   ასახული. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია,  რეკომენდაციის ნაწილი არ იყო, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ 2024 წლის არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდეს.   თქვენ იცით, რომ 2024 წელს ჩვენ სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა გვექნება,  ამ ეტაპზე 5 %-იანი საარჩევნო ბარიერით. თუმცა, ასევე  2 %-იანი საარჩევნო ბარიერის საკითხი განხილება. კონსტიტუციური ცვლილებების ეს კანონპროქტი   პირველი მოსმენით უკვე მიღებულია და,  რა თქმა უნდა, პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციები ამ მიმართულებითაც გაგრძელდება.

თუმცა, ახლა მინდა, აქცენტი იმ კონკრეტულ ცვლილებებზე გავაკეთო, რომელიც უშუალოდ  კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის პროცედურებს ეხება.  როგორც გითხარით , ეუთოს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები მაქსიმალურად გათვალისწინებულია, ეს შეეხება კომისიის წევრების დაკომპლექტების წესს, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების წესს , საჩივრების  ვადების გახანგრძლივებას და ბევრ სხვა საკითხს. ეს ამ თვალსაზრისით საკმაოდ ვრცელი დოკუმენტია,  მათ შორის ოპოზიციის წინადადებები გათვალისწინებულია.   მსჯელობა როგორც კომიტეტებში,  ასევე პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება. ახლა სწორედ იმ სიახლეზე მინდა, გესაუბროთ, რომელიც  ჩვენთვის უკვე აპრობირებული და ნაცნობია:  თქვენ იცით,  რომ ჯერ კიდევ 2019 წელს  ცაიშის ოლქში არჩევნები  ელექტრონული სისტემით   ჩატარდა.  თუმცა, ეს ელექტრონული სისტემით ხმის მიცემას  არ გულისხმობს. ხმის მიცემის პროცესი  ჩვეულებრივად რჩება, ეს  ცოცხალი პროცესია, ამომრჩეველი თავად იღებს ბიულეტენს  და ხაზავს. მაგრამ 2   ტექნოლოგიაა გამოყენებული:  ესაა  ვერიფიკაციის აპარატი, რომელიც ამომრჩევლის იდენტიფიცირებას უზრუნველყოფს,  ყოველგვარ კარუსელებს, ხელმეორედ ხმის მიცემას, სხვის ნაცვლად ხმის მიცემას გამორიცხავს. მეორეა ელექტრონული აპარატი, ე.წ. სკანერი, რომელიც საარჩევნო ყუთზე  მაგრდება   და შესაბამის ბიულეტენს კითხულობს.  ამ ტექნოლოგიით არჩევნები ჩატარდა  2021 წელს კრწანისის საარჩევნო ოლქში, 2022 წელს ბათუმის სააარჩევნო ოლქში, ახლა 1-ელ ოქტომბერს სენაკის საარჩევნო ოლქში ჩატარდება“ – განაცხადა ბოჟაძემ.

მისივე თქმით,   მნიშვნელოვანია  ის, რომ  საარჩევნო უბნები მსხვილდება.

„იცით, რომ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ზედა ზღვარი ახლა 1 500-ია, კანონპროქტით ამომრჩეველთა რაოდენობის 3 000- მდე გაზრდაა გათვალისწინებული,    სწორედ იმიტომ, რომ აღნიშნული ტექნოლოგიები  ამომრჩევლის მომსახურების დროს ამცირებს, მათთვის რეგისტრაციის გავლა,  არჩევნების  პროცესში მონაწილეობის მიღება უფრო მარტივი და სწრაფია.  ამიტომ, დედაქალაქში, მსხვილ ქალაქებში, ურბანულ  დასახლებებში, 3 000-მდე ამომრჩეველზე გათვლილი საარჩევნო უბნები გვექნება. რაც ყველაზე მთვარია, ეს ყველაფერი ფარავს საარჩევნო უბნების დაახლოებით 70 %-ს ,  რაც  70-80 %-ზე მეტი ამომრჩევლისთვის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გაცილებით უფრო ამარტივებს. რაც შეეხება იმ 30 %-ს რომელზეც საუბარია და რატომღაც ოპოზიცია შეეცადა, ეს მანიპულირებისთვის გამოეყენებინა, აქ საუბარია იმაზე, რომ ჯერ ერთი ამ კრიტერიუმებს თავად საარჩევნო ადმინისტრაცია განსაზღვრავს, სადაც ოპოზიცია სრულადაა წარმოდგენილი, მეორეც  ერთ-ერთი კრიტერიუმი,  შეიძლება, ამომრჩევლთა რაოდენობა იყოს, ანუ სადაც  300  ამომრჩეველზე ნაკლები იქნება, იქ ელექტრონული ტექნოლოგიები არ გამოიყენება,    სწორედ იმიტომ, რომ ეს ძვირი ფუფუნებაა,  იქ, სადაც   300 ამომრჩეველია რეგისტრირებული და   მთელი 12 საათის განმავლობაში 100-ზე მეტი არ მოდის, ბუნებრივია, ასეთი ხარჯის გაწევას აზრი არ აქვს. თუმცა, ასეთ საარჩევნო უბნებზე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ  საარჩევნო ყუთიდან ამოსული ყველა საარჩევნო ბიულეტენის გაციფრულება  მოხდება  და  5 დღის ვადაში საარჩევნო ადმინისტრაცია ვალდებული იქნება, ყველა ბიულეტენი გამოაქვეყონოს,  რაც იმას ნიშნავს, რომ  ძალიან მარტივი იქნება გადათვლა, გასაჩივრება, ხელახლა დარწმუნება იმაში, რომ უბნის შემაჯამებელი ოქმი ნამდვილია. იგივე ეხება მარკირების პროცედურებსაც: იცით, რომ გადასატან ყუთზე მარკირება გამოყენებული არაა, ახლა შესაძლებელია, ასეთი უბნებში გადასატან ყუთზეც იქნას გამოყენებული. რაც შეეხება იმ საარჩევნო უბნებს, სადაც ელექტრონული ტექნოლოგიები იქნება გამოყენებული,   მარკირების საჭიროება უბრალოდ აღარაა. ასევე  აღარაა   საკონტროლო ფურცლის საჭიროება.  შეიძლება, ელექტრონული აპარატი   2-3 საარჩევნო უბანზე იდგას, სადაც  ამ საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა  მონაცემები უშუალოდ იქნება  ჩაპროგრამებული. მარტივი იქნება ვერიფიკაცია, ახლა რეგისტრატორები ანბანური პრინციპით არიან განაწილებული, ამომრჩეველს უწევს, თავის  რიგს დაელოდოს,  რადგან ვერიფიკაციის აპარატები მეტი იქნება, ანბანური პრინციპი აღარ იქნება“ – განაცხადა ბოჟაძემ.

მისივე თქმით, ელექტრონული არჩევნების შემთხვევაში,  წარმოუდგენელი იქნება, ან ზედმეტი,  ან ნაკლები ბიულეტენის არსებობა, რაც დისპროპორციებს იწვევდა.

„თუ შესაბამისი დოკუმენტი არ ამოიბეჭდა, სადაც იქნება თქვენი ფოტოსურათი, სახელი,  გვარი, პირადი მონაცემი, არ გექნებათ  უფლება, მიხვიდეთ და  შესაბამისი ბიულეტენი მიიღოთ. ყველა ბიულეტენს  შესაბამისი ჩარჩო და ე.წ. QR კოდი, დამცავი მექანიმიზმი ექნება, რომელიც დაადასტურებს იმას, რომ  ეს მხოლოდ ამ უბნის ბიულეტენია,  თუ   სხვა უბნის ბიულეტენი  მოხვდა, აპარატი ამას არ მიიღებს.  წარმოუდგენელი იქნება, ან ზედმეტი,  ან ნაკლები ბიულეტენის არსებობა , რაც დისპროპორციებს იწვევდა. ამომრჩეველი თავად ირჩევს მისთვის სასურველ პოლიტიკურ პარტიას, გააფერადებს შესაბამის ნიშანს, შემედეგ შესაბამის ჩარჩო ფორმაში ჩადებულ საარჩევნო ბიულეტენს, ისე, რომ არ გამოჩნდეს,  ვის მისცა ხმა,  შესაბამის აპარატს მიაწვდის.  თუ აღმოჩნდა, რომ ბიულეტენი ან დაზიანებულია, ან იმ საარჩევნო უბნის არ არის, აპარატი ამას არ მიიღებს, მაგრამ დაასკანერებს, გაატარებს და იქვე დაფიქსირდება,  ეს მერამდენე ბიულეტენი იყო.  რაც ყველზე მთავარია, ამით გაცემული ბიულეტენების, მოსული ამომრჩევლების კონტროლი მარტივად ხდება. ნებისმიერ დროს შეიძლება,  ადამიანმა იცოდეს, რამდენმა ამომრჩეველმა   მიიღო მონაწილეობა და რამდენი ბიულეტენია. კანონპროექტის მიხედვით, კენჭისყრის დასრულების შემდეგ სულ რამდენიმე წუთში, გარკვეული პროცედურების ჩატარების შემდეგ, გვეცოდინება  არა მხოლოდ არჩევნების წინასწარი შედეგები, არამედ კონკრეტული საარჩევნო უბნის საბოლოო  შედეგი. თავად სკანერი გვეტყვის იმ ბათილი ბიულეტენების რაოდენობას,  რომელიც სკანერმა ვერ წაიკითხა, ორი ან მეტი იქნა შემოხაზული, ან საერთოდ არ იქნა შემოხაზული.  ყველა ის საკითხი, რომელიც საარჩევნო უბნებზე  ხმების დათვლის და შედეგების შეჯამების ნაწილში პრობლემებს უკავშირდებოდა, ფაქტობრივად,  აღარ იარსებებს.  2024 წლის არჩევნებისთვის არც ეგზითპოლების ჩატარებას ექნება აზრი, არც პარალელურ დათვლას. 15-20 წუთში მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩვენ უკვე წინასწარი შედეგები გვეცოდინება.  ეს არის ძალიან პროგრესული, წინ გადადგმული ნაბიჯი. ტექნოლოგიები მიერთებული არაა ინტერნეტის ქსელზე, ამიტომ კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით ეს სისტემები სრულიად უსაფრთხოა.  კითხვის ნიშნები აქაც,  ფაქტობრივად,  არ არსებობს. 2024 წელს ნებისმიერი პარტიისთვის,  იქნება ეს მმართველი პარტია, თუ ოპოზიციური პარტიები, როგორი შედეგებიც არ უნდა დადგეს , არავის არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის  გარეთ, არჩევნების შედეგებთან მიმართებაში არანაირი კითხვის ნიშანი არ ექნება.“ – განაცხადა ბოჟაძემ.

ცნობისთვის,   არჩევნების ელექტრონულად ჩატარების ინიციატივაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 13 სექტემბერს ისაუბრა.

„გასულ წელს, სრულად ელექტრონული აპარატურის გამოყენებით ჩატარდა ხმის მიცემის პროცედურა ქალაქ თბილისის კრწანისის რაიონში. წელს, ელექტრონული აპარატურის გამოყენებით შედგა საკრებულოს შუალედური არჩევნები ბათუმის მუნიციპალიტეტის რვა საარჩევნო უბანზე. თანამედროვე ტექნოლოგიებით ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის წარმატებული გამოცდილება გვაძლევს საშუალებას, ეს ინიციატივა 2024 წლიდან ფართო მასშტაბით დავნერგოთ.
კერძოდ, ჩვენი გადაწყვეტილებით, საარჩევნო უბნების უმრავლესობაში, მათ შორის, ყველა ქალაქსა და მსხვილ დასახლებულ პუნქტში, რაც ამომრჩეველთა სულ მცირე 70 პროცენტს მოიცავს, ამომრჩეველთა რეგისტრაცია და ხმის მიცემა ელექტრონული აპარატურის გამოყენებით განხორციელდება.

ელექტრონული ხმის მიცემა საბოლოოდ გაამყარებს საზოგადოების ნდობას ხმების დათვლის პროცესის მიმართ, აღმოფხვრის საარჩევნო ოქმებში დისბალანსის პრობლემას, სამუდამოდ დაასრულებს სპეკულაციებს ე.წ. საარჩევნო კარუსელებთან დაკავშირებით, უზრუნველყოფს ამომრჩეველთა 70 პროცენტზე მეტის ხმების დათვლასა და შედეგების გამოქვეყნებას კენჭისყრის პროცესის დასრულებიდან რამდენიმე წუთში, ასევე მოხსნის ეგზიტპოლებისა და ხმების პარალელური დათვლის („პივიტის“) გაყალბებასთან დაკავშირებულ პრობლემებს“, – განაცხადა კობახიძემ.

 

 

თამუნა შეყილაძე 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები