ლევან იოსელიანის ინიციატივას სახალხო დამცველის ღია კენჭისყრის თაობაზე საპროცედურო კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

საპარლამენტო ჯგუფ „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან იოსელიანის ინიციატივას სახალხო დამცველის ღია კენჭისყრის თაობაზე საპროცედურო კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, სასესიო განხილვები დაჩქარებული წესით მიმდინარე კვირის ბოლომდე იგეგმება.

„პარლამენტის რეგლამენტის პროექტით ცვლილება შედის რეგლამენტის 204-ე მუხლის მე-5 პუნქტში.

მე-5 პუნქტში არსებული ჩამონათვალიდან ხდება, სახალხო დამცველზე მითითების ამოღება, რაც გულისხმობს რომ პარლამენტის მიერ  საქართველოს სახალხო დამცველის არჩევისას კენჭისყრა გახდება ღია.

რამდენადაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების სტატუსის მიღების ერთ-ერთი წინაპირობას, სახალხო დამცველის არჩევის გამჭვირვალე პროცედურის უზრუნველყოფა წარმოადგენს, მიზანშეწონილია, რომ პარლამენტის რეგლამენტის პროექტი განხილულ და მიღებულ იქნეს დაჩქარებული წესით და სახალხო დამცველის არჩევის დროისათვის შექმნილი იყოს შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი. ავტორების მოსაზრებით:

ეს ცვლილება საშუალებას მისცემს საზოგადოებას თვალი მიადევნოს პარლამენტის წევრთა  გადაწყვეტილების თანმიმდევრულობას კენჭისყრის შედეგების მიხედვით.

ხელს შეუწყობს იმას, რომ როგორც სახალხო დამცველის შერჩევის, ასევე უშუალოდ არჩევის პროცედურაც წარიმართოს ინკლუზიურად.

სწორედ კენჭისყრის ღიაობა დაიცავს პროცესს  ფარული გარიგებებისგან, რადგან თითოეული დეპუტატის გადაწყვეტილება, რომელ კანდიდატს დაუჭირა მხარი, საჯაროდ იქნება ცნობილი.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის მიერ თანამდებობის პირის არჩევისას კენჭისყრა ფარულია მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 3 წევრის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, საქართველოს გენერალური პროკურორისა და საქართველოს სახალხო დამცველის არჩევისას, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის საქსტატის საბჭოს წევრის დანიშვნაზე თანხმობის მიცემისას.

პარლამენტის რეგლამენტის პროექტი, მიმართულია თითოეული პარლამენტის წევრის ანგარიშვალდებულების გაზრდისკენ, რამდენადაც სწორედ კენჭისყრის დროს დაფიქსირებული ხმები გამოხატავს პარლამენტის წევრთა დამოკიდებულებას და იძლევა საშუალებას განისაზღვროს რამდენად ობიექტურად მოხდა პარლამენტის წევრის მიერ კანდიდატთა  შეფასება.

ფარულ კენჭისყრა არ წარმოშობს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას. ამასთან,  ფარული კენჭისყრის პირობებში მაღალია ალბათობა, რომ სახალხო დამცველის თანამდებობაზე, ვერ მოხდება საუკეთესო კანდიდატის არჩევა. კენჭისყრის ფარულობა ასევე გამორიცხავს, პარლამენტის წევრთა  გადაწყვეტილების თანმიმდევრულობის შემოწმებას.

აღსანიშნავია, რომ ევროკომისიის ერთ-ერთი რეკომენდაციის თანახმად, საქართველო წევრობის კანდიდატი გახდება, თუკი ახალ სახალხო დამცველად დაინიშნება დამოუკიდებელი ადამიანი. დანიშვნა იქნება გამჭვირვალე, მისი სამსახური კი ზეგავლენებისგან თავისუფალი.

ზემოაღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, ინკლუზიურად წარიმართოს

სახალხო დამცველის კანდიდატურების შერჩევის პროცედურა, რომელიც  უზრუნველყოფს სახალხო დამცველის პოზიციაზე იმგვარი პირის წარდგენას, რომელიც იქნება თანაბრად მისაღები და მაღალი ლეგიტიმაციით არჩეული.

დღევანდელი მდგომარეობით სახალხო დამცველის არჩევის პროცედურა, დასავლეთ ევროპის უმეტეს  ქვეყნებში ღიაა, არჩევის პროცედურისას კენჭისყრის ფარულობა მოქმედებს რუსეთის ფედერაციაში.  კენჭისყრის ღიაობა მხარდაჭერილია ე.წ პარიზის პრინციპებითაც, 2017 წელს უკრაინაში სწორედ პარიზის პრინციპებთან შესაბამისობის მოყვანის თვალსაზრისით, ადამიანის უფლებათა კომისრის დანიშვნისას კენჭისყრის ღიაობას მიენიჭა უპირატესობა“, – აღნიშნულია პარლამენტის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები