ლევილის მამულის პარკში საშემოდგომო სამუშაოები მიმდინარეობს

12 სექტემბრიდან, ლევილის მამულში მწვანე საფარის მოწესრიგების საშემოდგომო სამუშაოები მიმდინარეობს. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, 3,4 ჰა ტერიტორიაზე მდებარე მამულის პარკში დაგეგმილი სამუშაოები, მცენარეთა თავისებურებების გათვალისწინებით, რამდენიმე ეტაპად ხორციელდება, ვინაიდან ისინი, თავისი მასშტაბით, ყველაზე კომპლექსურია ბოლო 20 წლის განმავლობაში.
„ბალახით დაფარული ტერიტორიისა და სავალი გზების გაწმენდის გარდა, სამუშაოები მოიცავს მამულის ტერიტორიის დღემდე გამოუყენებელი ზონების ხვიარებისა და ეკალ-ბარდებისაგან გათავისუფლებას, პარკის მთელს ტერიტორიაზე სხვადასხვა მცენარის გადაბელვას, ხმელი ტოტებისა და ზეხმელი ნარგავების მოჭრას, ვაზისა და სხვა მცენარეების (ვარდი, კვიპაროსი, კედარი და მრავალი სხვა) გასხვლასა და ფორმირებას. სამუშაოების შემდეგ, მცენარეული ნარჩენები დაქუცმაცდება და წინასწარ განსაზღვრულ ზონებში მიმოიბნევა არასასურველ მცენარეთა ხელახალი გაზრდის პრევენციისთვის. სამუშაოებს ფრანგული კომპანია „სკოპ ვალ’ამპლუა“ ახორციელებს.
როგორც ცნობილია, ლევილის მამული საქართველოს ხანგრძლივი და კომპლექსური მოლაპარაკებების შედეგად 2016 წლის სექტემბერში გადმოეცა. მოლაპარაკებებში, 2015 წლიდან, მონაწილეობდა საქართველოს მაშინდელი იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. მამულის საქართველოსთვის დაბრუნების შემდეგ, პროექტი სამართავად გადაეცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელმაც მამულის ტერიტორიაზე მდებარე, ე.წ. ორანჟერეის ნაწილის რეაბილიტაცია წარმატებით განახორციელა. 2021 წლის ზაფხულში, პროექტი, რომლის სახელწოდებაა „პირველი რესპუბლიკის ისტორიული და კულტურული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრის, ლევილის ქართული აკადემიის შექმნა“ გადაეცა ახალშექმნილ უწყებას – საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს.
ლევილის მამულის კულტურის სამინისტროსთვის გადმოცემის შემდეგ, მინისტრ თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით, პარიზში, ლევილსა და თბილისში, მამულის მმართველი კომიტეტის რამდენიმე სხდომა გაიმართა, რომელზეც მამულის რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ერთხმად იქნა მიღებული.
მამულის სრული რეაბილიტაცია გადმოცემიდან 10 წლის ვადაში უნდა განხორციელდეს. ამჟამად მიმდინარეობს ბაზრის კვლევა ლევილის შატოს და სხვა ძირითადი შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის მიზნით. პარალელურად, საქართველოში დაწყებულია ლევილის მამულის პარკში განსათავსებელი ქართული ოდის მშენებლობის პროცესი, კერძოდ, დამტკიცდა პროექტი, რომლის ავტორია არქიტექტორ-რესტავრატორი ტარიელ კიპაროიძე. ამჟამად, მიმდინარეობს პროექტის შესაბამისი ხის მასალის დამზადების სამუშაოები.
მამულის ტერიტორიაზე 2026 წლის სექტემბრამდე მოეწყობა: ლევილის ქართული აკადემია, სამუზეუმო და საარქივო სივრცე, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, მედიათეკა, ქართული კუთხე – ქართული ოდა, ვენახი, ქვევრი და ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის აუცილებელი კომპონენტები, რითაც საქართველო ევროპაში შეიძენს მრავალპროფილურ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს და გააგრძელებს დიდ ტრადიციას, რომელსაც საქართველოს პირველი რესპუბლიკის მესვეურებმა და წარმომადგენლებმა ჩაუყარეს საფუძველი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები