მაია ბუწაშვილი: თუ ბავშვს არ უნდა წვნიანი, ბევრი ალტერნატივა არსებობს – დაძალება არ არის რელევანტური, რადგან მისი შეცვლა ბევრად უფრო სასარგებლო რაღაცით შეიძლება
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ჩემს წერილში საუბარი არ იყო იმაზე, რომ ბავშვს წვნიანი არ მივცეთ, აქ საუბარი იყო, რომ დაძალება არ არის რელევანტური, რადგან მისი შეცვლა უამრავი სხვა, ბევრად უფრო სასარგებლო რაღაცით შეიძლება, – ამის შესახებ ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა „იმედის დღეში“ განაცხადა, რითაც ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული თავისი პოსტი განმარტა.
„ბევრმა ისეთი კომენტარიც დაწერა, რომ ინფექციონისტის საქმე რატომ არის კვებაო. ყველა ექიმის საქმეა ნებისმიერი პაციენტის კვება. ჩემი მეორე საქმიანობა საზოგადოებრივი ჯანდაცვაა და ეს თემები ძალიან მაწუხებს.
თუ ბავშვს არ უნდა წვნიანი, ბევრი ალტერნატივა არსებობს. ასევე, არსებობს ასეთი სტერეოტიპი, რომ გინდა თუ არა ბავშვმა აუცილებლად საკვები წვნიანი სახით უნდა მიიღოს. თუ ბავშვი იღებს ბოსტნეულს, ხილს და სვამს წყალს, მაშინ ყველა ნივთიერება, რომელიც მას სჭირდება მიღებული ექნება და ბევრად უფრო სასარგებლო სახით“, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა.
ინფექციონისტმა ,,მითი,, უწოდა იმ აუცილებლობას, რომ ბავშვმა ხილის და ბოსტნეულის წვენი აუცილებლად უნდა დალიოს.
„თუ ბავშვი ყველაფერზე უარს ამბობს და სუპი ძალით, პირის გაღებით უნდა ჩავასხათ და მაინც დაძალებაზე ვლაპარაკობთ, იქნებ ბევრად უფრო სასარგებლო რამ დავაძალოთ – უმი ბოსტნეული, ხილი და წყალი.
მითია, როდესაც ბავშვს აძალებენ, რომ აუცილებელია დალიოს ბროწეულის, ჭარხლის და საერთოდ წვენები. თუ ბავშვი ხილს იღებს, მაშინ რატომ უნდა სვას წვენები, რომელიც ბევრად ნაკლებად სასარგებლოა, ვიდრე მთლიანი ხილი და უჯრედისი?!“, – აღნიშნა მაია ბუწაშვილმა.