დავით სონღულაშვილი: ელექტრონული კომერციის რეფორმით შესაძლებელი იქნება ეკონომიკური განვითარებისთვის დამატებითი სტიმულების შექმნა, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დანერგვას შეუწყობს ხელს
ელექტრონული კომერციის რეფორმისა და „ელექტრონული კომერციის შესახებ” კანონის პროექტის თაობაზე იმსჯელეს ექსპერტებთან და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე. სამუშაო ჯგუფში პარლამენტის წევრებთან ერთად გაერთიანებული არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის წარმომადგენლები.
კანონის პროექტის პრეზენტაციისას აღინიშნა, რომ კანონის მიღება ელექტრონულ კომერციას სამართლებრივ ჩარჩოში მოაქცევს; ხელს შეუწყობს საზოგადოების მომსახურების თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფის გზით შიდა ბაზრის ფუნქციონირებას; დაიცავს მომხმარებელთა უფლებებს ელექტრონული კომერციის პროცესში; შუალედური მომსახურების მიმწოდებელს დაიცავს ზოგადი მონიტორინგის ვალდებულებისგან.
„თანამედროვე მსოფლიოში ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად იზრდება ელექტრონული კომერციის მნიშვნელობაც, შესაბამისად, ამ სფეროში საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება უკავშირდება ქვეყანაში მეწარმეობის და შემდგომ ელექტრონული ვაჭრობის განვითარებას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს გლობალურ სავაჭრო სივრცეში ინტეგრაციას. ეს არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი მსოფლიოს ერთიანი ციფრული ბაზრისკენ”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა.
როგორც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა კანონპროექტი ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდას და განსაკუთრებულად წაახალისებს მცირე და საშუალო ბიზნესს. ეს არის შესაძლებლობა და პლატფორმა იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი ინსტრუმენტი შევქმნათ, რომლებიც ეკონომიკის ზრდას მოემსახურება.
„დღეის მდგომარეობით, საქართველოში ელექტრონული კომერციის სექტორი სპეციალური მარეგულირებელი კანონის გარეშე ფუნქციონირებს. აქედან გამომდინარე, ელექტრონული კომერციის ინდუსტრიას, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, სწრაფი ინტეგრირებისთვის საერთაშორისო ვაჭრობაში, სჭირდება შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა. შესაბამისად, ელექტრონული კომერციის რეფორმით შესაძლებელი იქნება ეკონომიკური განვითარებისთვის დამატებითი სტიმულების შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დანერგვას, სექტორის სანდოობის ამაღლებას, საქართველოს საექსპორტო პოტენციალის ზრდას და ადგილობრივი ბიზნესის პროდუქციის გატანას საერთაშორისო ბაზარზე,” – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
სხდომაზე ითქვა, რომ კანონის პროექტი განხილულია კერძო სექტორში, ახლო მომავალში დასრულდება განხილვა საჯარო სექტორშიც, რის შემდეგაც მოხდება საქართველოს მთავრობის მიერ კანონპროექტის ინიცირება პარლამენტში. სამუშაო შეხვედრა გაიმართა საგრანტო აქტივობის ფარგლებში: „საქართველოს პარლამენტში საჯარო-კერძო დიალოგის პლატფორმის მდგრადობის მხარდაჭერა და შესაძლებლობების გაზრდა”, რომელსაც ახორციელებს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით და საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით.