მუზეუმელთა ალიანსმა პირველი ყრილობა გამართა

თბილისში, ახალდაფუძნებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, „საქართველოს მუზეუმელთა ალიანსმა” პირველი ყრილობა გამართა.

ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ქეთევან დუმბაძე, საქართველოს ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი ნინო ჭიპაშვილი და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის პირველი მოადგილე ნიკა ახალბედაშვილი ესწრებოდნენ.

საქართველოს მუზეუმელთა პირველ ასამბლეას ალიანსის წევრები და დელეგატები ესწრებოდნენ, ჯამში საქართველოს 70 მუზეუმის 400-ზე მეტი თანამშრომელი, როგორც კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი, ისე რეგიონული და კერძო მუზეუმებიდან. ყრილობაში მონაწილე 70 მუზეუმიდან 23 კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი მუზეუმი იყო. ასამბლეაზე, ქართულ სამუზეუმო ისტორიაში პირველად, საზეიმოდ გამოვლინდა 3 „საუკეთესო მუზეუმელი”, რომელთაც კულტურის სამინისტროს მიერ წელს დაფუძნებული უწყებრივი ჯილდო გადაეცათ: იზოლდა მელიქიშვილი – სსიპ საქართველოს ხელოვნების სასახლის – კულტურის ისტორიის მუზეუმის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე – სამუზეუმო საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის; გერმანე კაზალიკაშვილი – სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მონიტორინგის დეპარტამენტის მთავარი მენეჯერი – ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის; ნაზიბროლა ქორთუა – სსიპ დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ხელნაწერთა ფონდის მცველი – ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის.
გარდა საუკეთესო მუზეუმელის ტიტულისა, თითოეულ ზემოაღნიშნულ პირს ფულადი ჯილდოც გადაეცემა. დელეგატებმა კულტურის მინისტრ თეა წულუკიანთან ერთად ისაუბრეს დარგში მიმდინარე პროცესების, წარმატებებისა და გამოწვევების, სამინისტროს ხედვისა და ინიციატივების შესახებ. ასამბლეაზე შეჯამდა განხორციელებული რეფორმები, პროექტები და სამუზეუმო სფეროს მეტი წარმატებისთვის სამომავლო გეგმებიც დაისახა.
მნიშვნელოვანია, რომ დელეგატებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავიანთი მოსაზრებები და შეხედულებები სამუზეუმო სფეროს შესახებ უფრო ვრცლად და კონკრეტულად საგანგებოდ შედგენილ კითხვარშიც აესახათ. ასევე, აღსანიშნავია, რომ ასამბლეაზე თეა წულუკიანმა კიდევ ერთი ინიციატივის შესახებ განაცხადა, კერძოდ, მიმდინარე წლის ნოემბრიდან, „მუზეუმელთა ალიანსის” ბარათის ყველა მფლობელს შესაძლებლობა ექნება, უფასოდ ესტუმროს კულტურის სამინისტროს სისტემის ყველა მუზეუმს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები