ილია ღუდუშაური – „პროგრამა „სოფლად სახლის“ ფარგლებში, 1 800-მდე დევნილ ოჯახს სახლები უკვე გადაეცა“
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 13 000-მდე დევნილი ოჯახი საცხოვრებელ ბინებსა და სახლებს მიიღებს. აქედან, 7 000-მდე ოჯახს ახალაშენებულ კორპუსებში, სრულად გარემონტებული ახალი ბინები გადაეცემა, 6 000-მდე ოჯახი კი „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში დაკმაყოფილდება.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ილია ღუდუშაური ამბობს, რომ დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროგრამით, რომელიც 2022 წელს დაიწყო, 13 000-მდე ოჯახი 3 წლის განმავლობაში განსახლდება.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, პროგრამის მიზანი, დევნილი ოჯახების სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფა და მათთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნაა.

„დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში, თვეში, დაახლოებით, 500-600 განაცხადი შემოდის. მინდა აღვნიშნო, რომ ეს პროგრამა საკმაოდ აქტუალურია და დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან ამ შემთხვევაში, დევნილ ოჯახებს, პრაქტიკულად, 6 თვეში აქვთ შესაძლებლობა, საკუთარი სახლი ჰქონდეთ. თანაც, კრიტერიუმები, რომელსაც ბენეფიციარი უნდა აკმაყოფილებდეს, უფრო დაბალია, ვიდრე ახლად აშენებული, ახალი ბინების შემთხვევაში – აქ პრიორიტეტი ნგრევად ობიექტებში მცხოვრებ ოჯახებს, სოციალურად დაუცველ პირებს, ან ვეტერანებს ენიჭებათ“, – აცხადებს ილია ღუდუშაური.
2022 წლის აგვისტოს თვის მონაცემებით, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, სოფლად სახლი 1800-მდე ოჯახს უკვე შეუსყიდა და ეს პროცესი უწყვეტად გრძელდება.
სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ირაკლი მხეიძის განცხადებით, პროექტში ჩართვის მსურველი დევნილი ოჯახების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა.
„განაცხადის შევსება შეუძლია ნებისმიერ დევნილ ოჯახს, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან საცხოვრებლით უზრუნველყოფილი არ არის. განაცხადის გაკეთება შესაძლებელია ნებისმიერ დროს, როგორც სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამსახურებში, ისე – ქვეყნის მასშტაბით არსებულ იუსტიციის სახლებში.

„კომისია განიხილავს იმ დევნილი ოჯახების საკითხს, რომლებსაც განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად მინიჭებული აქვთ 1, ან მეტი ქულა. სააგენტოს მონიტორინგის სამსახური თითოეული ოჯახის საცხოვრებელ პირობებსა და საჭიროებებს ადგილზე შეისწავლის, შემდეგ კი, მოკვლეული მასალას, გადაწყვეტილების მისაღებად, კომისიას გადასცემს. კომისიის დადებითი დასკვნის შემდეგ, იძულებით გადაადგილებულ პირს უკვე შეუძლია, სახლის მოძიების პროცესი დაიწყოს და როგორც კი მისთვის დამაკმაყოფილებელ ვარიანტს იპოვის, სააგენტო შეუსყიდის ამ სახლს“, – აცხადებს ირაკლი მხეიძე.
„სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში, თითოეული ოჯახისთვის, საშუალოდ, 30 000 ლარია გამოყოფილი. ჯამში, 3 წლის განმავლობაში, ამ მიმართულებით, 200 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. ბენეფიციარებს სახლის მოძიება საქართველოს ნებისმიერ მუნიციპალიტეტში შეუძლიათ.
„პროგრამის დაწყებიდან რამდენიმე თვეა გასული და უკვე შესაძლებელია გარკვეული შეფასების გაკეთება – მთლიანად პროგრამაც და „სოფლად სახლის“ კომპონენტი აქტიურად და წარმატებით ხორციელდება – 3 წლის განმავლობაში, 6000-მდე ოჯახი უნდა განსახლდეს „სოფლად სახლის“ ფარგლებში. წელიწადში, სააგენტო სახლს, 2 000-მდე დევნილ ოჯახს შეუძენს. 1800-მდე მეტ ოჯახს უკვე დაუკმაყოფილდა მოთხოვნა და წლის ბოლომდე კიდევ 200-ზე მეტი ოჯახი დაკმაყოფილდება“, – განმარტავს ილია ღუდუშაური.
მინისტრის მოადგილის თქმით, ასევე აქტიურად მიმდინარეობს იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიანი განსახლების პროგრამის მეორე კომპონენტი, რომელიც რუსთავში, ზუგდიდში, ბორჯომში, თბილისსა და ქუთაისში, დევნილებისათვის, ახალი სახლების მშენებლობას ითვალისწინებს.
„ბორჯომსა და რუსთავში უკვე დასრულდა ტენდერი და გვყავს პრეტენდენტი. ახლა შეფასების ეტაპზე ვართ, ხელშეკრულებას უახლოეს მომავალში გავაფორმებთ, რის შემდეგაც უკვე მშენებლობას დავიწყებთ. აღსანიშნავია, რომ ბორჯომში ამ მშენებლობების დასრულების შემდეგ, ამ ქალაქში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ყველა ოჯახი უკვე განსახლებული იქნება, ანუ ყველა მათგანს უკვე საკუთარი საცხოვრებელი ფართი ექნება. ამით, ბორჯომში მცხოვრები დევნილი ოჯახების განსახლების პრობლემა სრულად მოგვარებული იქნება.
რაც შეეხება თბილისს (აშენდება 2 400 ბინა), ქუთაისი (აშენდება 720 ბინა) და ზუგდიდს (1700) , მთავრობის განკარგულებით, ამ ქალაქებში ბინები განვადებით აშენდება. მშენებლობები 2-3 წელიწადში დასრულდება, სახელმწიფო კი გადახდას 4 წლის განმავლობაში განახორციელებს. დევნილები ბინებს ჩვეულებრივ მიიღებენ, 2-3 წელიწადში, როგორც კი მშენებლობები დასრულდება. განვადება მათ არ შეეხებათ, ეს სახელმწიფოსა და მშენებლებს შორის ურთიერთობის საკითხია“, – აცხადებს ილია ღუდუშაური.