საიას შეფასებით, მიხეილ სააკაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებისას დარღვევა არ დაფიქსირებულა

„საქართველოს იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებისას არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რომელიც დაადასტურებდა, რომ სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება დაუსაბუთებელია. როგორც საიას განცხადებაშია აღნიშნული, უდავოა, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიმართ წარმოებულ საქმეს აქვს პოლიტიკური მნიშვნელობაც, რაზეც ქვეყნის შიგნით თუ საერთაშორისო დონეზე გაკეთებული განცხადებები ნათლად მიუთითებს. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საიას მიზანშეწონილად მიაჩნია პროკურატურამ გაასაჯაროოს ის მტკიცებულებები, რასაც ბრალდების მხარე ეყრდნობა.
„როგორც 5 აგვისტოს ცნობილი გახდა, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დაცვის მხარის მიერ შეტანილი საჩივარი. შესაბამისად, ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2014 წლის პირველ აგვისტოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ მიღებული განჩინება. აღნიშნულ პროცესს საიას სისხლის სამართლის იურისტი ესწრებოდა. ჩვენ ასევე გავეცანით თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებას. უშუალოდ პროცესის მონიტორინგისა და სასამართლოს განჩინების ანალიზის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რომელიც დაადასტურებდა, რომ სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება დაუსაბუთებელია, ან რომ პატიმრობის შეფარდებით დაირღვა საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით გარანტირებული უფლებები და პრინციპები. მართალია, ყოფილი პრეზიდენტის მიმართ წარმოებულ გამოძიებას ბუნებრივად აქვს პოლიტიკური ასპექტი, თუმცა საიას მანდატიდან გამომდინარე და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით შემოვიფარგლებით მხოლოდ საქმის სამართლებრივი ანალიზით აღკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით. საიას, იმის გათვალისწინებით, რომ არ აქვს საქმის მასალებზე წვდომა, არ შეუძლია განსაზღვროს, თუ რამდენად დასაბუთებულია ბრალდების შინაარსობრივი მხარე. დასაწყისშივე გვსურს განვმარტოთ, რომ აღკვეთი ღონისძიების გამოყენება პირდაპირ არ უკავშირდება იმას, თუ რამდენად საფუძვლიანი და დასაბუთებულია ბრალდება. სასამართლო ამ ეტაპზე არ მსჯელობს იმ საკითხზე, ჩაიდინა თუ არა პირმა დანაშაული.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 205-ე მუხლის თანახმად, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს ერთადერთი საშუალებაა, რათა თავიდან იქნეს აცილებული: ა) ბრალდებულის მიმალვა და მის მიერ მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლა; ბ) ბრალდებულის მიერ მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელის შეშლა; გ) ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, ,,ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით არ უნდა შეეფარდოს პატიმრობა გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მისი მიმალვის, შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობის, მოწმეზე ზემოქმედების, მტკიცებულებების განადგურების ან განაჩენის აღუსრულებლობის საფრთხე”.
მითითებული საფუძვლებიდან ერთ-ერთის დადასტურების შემთხვევაშიც სასამართლო უფლებამოსილია გამოიყენოს პატიმრობა. პროკურატურის მხრიდან პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობის წარდგენისას აქცენტი გაკეთდა მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხეებზე. მოწმეებზე ზემოქმედების და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეზე საუბრისას ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ ,,გამოძიების ამ ეტაპზე ჯერ კიდევ დასაკითხია იმ სახელმწიფო მოხელეთა დიდი უმრავლესობა, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ მ. სააკაშვილის გამოცემულ დანაშაულებრივ ბრძანებებთან, ან ფლობდნენ ამგვარ ინფორმაციას”.
პროკურატურა ასევე მიუთითებდა, რომ მ.სააკაშვილს, როგორც გავლენიან პირს, გააჩნია საკმარისი ფინანსური და ადამიანური რესურსი, რაც მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეს წარმოშობდა. მიმალვის საფრთხესთან დაკავშიებით, ბრალდების მხარე საუბრობდა მიხეილ სააკაშვილი არაერთგზის შეტყობინების მიუხედავად არცერთხელ არ გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში. პროკურატურა ასევე მიუთითებდა, რომ რამოდენიმე თვის წინ მ.სააკაშვილი მოწმის სახით დასაკითხად იქნა დაბარებული, რაზეც მან უარი განაცხადა. ასევე უარი იქნა მისი მხრიდან გაცხადებული პროკურატურის შეთავაზებაზე, რომ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა კანონით დადგენილი წესით ,,სკაიპის’’ მეშვეობით მიეღო (საიას მიაჩნია, რომ აღნიშნული უარის მიზეზი სამართლებრივი თვალსაზრისით არ იყო დასაბუთებული). პროკურატურის მტკიცებით, ის გარემოება, რომ ,,მ.სააკაშვილი არ ცხადდება საგამოძიებო ორგანოში, იძლევა არა მხოლოდ დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რომ ის სამომავლოდ თავს აარიდებს მართლმსაჯულებას, არამედ უტყუარი ფაქტია, რომ ბრალდებულმა უკვე თავი აარიდა გამოძიებასა და ქართულ მართლმსაჯულებას”. გარდა ამისა, ბრალდების მხარე მიუთითებდა, რომ მ.სააკაშვილმა და სხვა ბრალდებულებმა თანამდებობრივი მდგომარეობისა და გავლენის გამოყენებით შეძლეს ის, რომ მრავალი წლის მანძილზე 7 ნოემბრის მოვლენებს არ მიეცა სამართლებრივი შეფასება შესაბამისი ორგანოების მხრიდან (საია მოკლებულია შესაძლებლობას მტკიცებით ფორმაში მიუთითოს თუ კონკრეტულად რომელი თანამდებობის პირების გავლენამ განაპირობა უმოქმედობა, თუმცა ჩვენ უდავო ფაქტად მიგვაჩნია როგორც ის გარემოება, რომ 7 ნოემბრის მოვლენების დროს მასობრივად ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებათა დანაშაულებრივ დარღვევას, ასევე ის, რომ კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულების მიუხედავად სამართალდამცავმა ორგანოებმა არ გამოიძიეს ეს საქმე). პროკურატურამ ასევე მიუთითა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სხვადასხვა საქმეზე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ პირები აღარ არიან პოლიტიკური თანამდებობებზე, მათ გარკვეულწილად აქვთ საშუალება მოწმეებზე მოახდინონ ზემოქმედება და გაანადგურონ მტკიცებულებები. მართლმსაჯულების განხორციელების ხელის შეშლის რისკთან დაკავშირებით პროკურატურამ მიუთითა საქმეზე ,,ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ”. ამ საქმეში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხდა, რომ ,,სასამართლო შეძრა სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა შტოს … ერთობლივმა ქმედებებმა, რომლებიც მიმართული იყო მკვლელობის [ამ] შემაძრწუნებელ საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულებისთვის ხელის შეშლისკენ”.

შს სამინისტროსთან, პროკურატურასთან, სასჯელაღსრულების დეპარტამენტთან და სასამართლოსთან ერთად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ,,სხვადასხვა შტოზე” საუბრისას მიუთითებდა ასევე ყოფილ პრეზიდენტზე. ბრალდების მხარე ასევე მიუთითებდა ეროვნული სასამართლო პრაქტიკით დადგენილ სტანდარტზე და კონკრეტულ სასამართლო გადაწყვეტილებებზე აღკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება დაცვის მხარეს, ბრალდებულის ადვოკატმა აღნიშნა, რომ ყოფილი პრეზიდენტის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა უკავშირდება პოლიტიკურ მოტივებს. ამის დასტურად ადვოკატი მიუთითებდა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და უცხო სახელმწიფოს წარმომადგენელთა განცხადებებზე. ადვოკატმა ასევე მიუთითა, რომ სააკაშვილის ბრალდების დადგენილება ეფუძნება მოწმე ნინო ბურჯანაძის ჩვენებას, რომელიც გამოძიებამ დაკითხა ბრალდების დადგენილების გამოტანის შემდეგ, ხოლო სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. ადვოკატმა ასევე აღნიშნა, რომ ყველა მტკიცებულება საქმეში ადასტურებს რაღაც ფაქტის, თუნდაც დანაშაულებრივი ფაქტის არსებობას. თუმცა რა შემხებლობა აქვს მ.სააკაშვილს ამასთან, დაცვის მხარისათვის გაუგებარია. ამასთან, უშუალოდ აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საფუძვლებთან დაკავშირებით, დაცვის მხარეს საქალაქო სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია არგუმენტები, რითიც გააბათილებდა მოწმეებზე ზეწოლის, მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლის და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეების შესახებ პროკურატურის არგუმენტებს. რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას. სასამართლო ჩამოთვლის თუ რა სახის მტკიცებულებები წამოადგინა ბრალდების მხარემ, ესენია: წერილობითი მასალა სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებიდან, ,,ვიდეო-აუდიო ჩანაწერები, დოკუმენტაციის ამოღების, დათვალიერებისა და ინფორმაციის გამოთხოვის ოქმები, ექსპერტიზის დასკვნები”. სასამართლოს განჩინებაში ასევე ჩამოთვლილია რამდენიმე ათეული მოწმის სახელები. სასამართლო ასევე მიუთითებს 5 მოწმეზე, რომლებიც, სასამართლოს მოსაზრებით, ,,პირდაპირ მიუთითებენ, რომ ბრალდებულს შესაძლოა ჩადენილი ჰქონდეს ბრალად წარდგენილი ქმედება”. აღნიშნულის შესაბამისად ,,სახეზეა მტკიცებულებითი სტანდარტი აღკვეთის ღონისძიებისათვის”, – მითითებულია განჩინებაში.
განჩინებაში ასევე მითითებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, საქმეზე ,,კონტრადა იტალიის წინააღმდეგ” (N27143/95; 24.08.1998). ,,შიკუტა რუსეთის წინააღმდეგ” (N45373/05; 11.07.2013), სადაც ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების წარდგენის მომენტში ბრალდებული აღარ მუშაობდა მაღალ თანამდებობაზე, იგი კვლავ ინარჩუნებდა გავლენას, ფლობდა სხვადასხვა ტიპის ინფორმაციას და მის ხელთ ჯერ კიდევ რჩებოდა მოწმეებზე ზემოქმედებისა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის რეალური ბერკეტები. მხარეთა პოზიციების, გარემოებებისა და არგუმენტების მოსმენის, სასამართლოს განჩინების გაანალიზების შედეგად საია მიიჩნევს: ის გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის ზემოაღნოშნული არგუმენტაცია, არ ქმნის იმის მტკიცების საფუძველს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და პოლიტიკური მოტივაციით განპირობებული იყო. გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლო განიხილავდა ყოფილი პრეზიდენტის და არა რიგითი მოქალაქის საქმეს, სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლოს არ აძლევდა იმის უფლებას, რომ პატიმრობის შეფარდების პროცესში მოეთხოვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი სასამართლო პრაქტიკისაგან განსხვავებული მტკიცების სტანდარტი. დასასრულს გვსურს აღვნიშნოთ, რომ მართალია საია ზემოაღნიშნულ საქმეს მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით აფასებს, თუმცა უდავოა, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიმართ წარმოებულ საქმეს აქვს პოლიტიკური მნიშვნელობა, რაზეც ქვეყნის შიგნით თუ საერთაშორისო დონეზე გაკეთებული განცხადებები ნათლად მიუთითებს. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ კანონი პროკურატურას ამ ვალდებულებას არ აკისრებს, საიას მიზანშეწონილად მიაჩნია პროკურატურამ გაასაჯაროოს ის მტკიცებულებები, რასაც ბრალდების მხარე ეყრდნობა. საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობის წევრებს, პარლამენტის წევრებს, სხვა სახელმწიფოებში საქართველოს ელჩებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და სხვა შესაბამის პირებს უნდა ჰქონდეთ სრული და ზუსტი ინფორმაცია ამ საქმის შესახებ, რათა შეეძლოთ საქმის სათანადო შეფასება. საია გააგრძელებს აღნიშნული საქმის მონიტორინგს და საზოგადოებას მიაწვდის ობიექტურ და მიუკერძოებელ ინფორმაციას“, – აღნიშნულია საიას განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები