დღეს იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეა
მართლმადიდებლური სამყარო იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს ახალი სტილით 11 სექტემბერს (ძვ. სტილით 29 აგვისტოს) აღნიშნავს. ქრისტიანები ამ დღეს მარხულობენ. ტაძრებში კი წირვა-ლოცვა აღევლინება.
უფალმა იოანე ნათლისმცემლის ხელიდან მიიღო ნათლობის მადლი, ნათლობა სინანულისა, ამიტომ ეწოდა მას “ნათლისმცემელი”. უდიდესი წინასწარმეტყველი, უფლის წინამორბედი, რომელმაც მაცხოვარს სამოღვაწეო ასპარეზი განუმზადა მოწამეობრივად აღესრულა.
იოანე ნათლისმცემლის სიკვდილი უკავშირდება ჰეროდე ანტიპას, ჰეროდეადასა და სალომეას სახელებს. სწორედ მათი ხელით აღესრულა კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი.
იოანე ნათლისმცემლის თემა მხატვრობასა და ქანდაკებაში აისახა. შუა საუკუნეების ხატწერაში იოანე ნათლისმცემელი ვედრების კომპოზიციის ერთ-ერთი აუცილებელი ფიგურაა.