წინანდლის ფესტივალის ფარგლებში, ქართველი მხატვრისა და სცენოგრაფის, მირიან შველიძის ნამუშევართა გამოფენა გაიხსნა

წინანდლის ფესტივალის ფარგლებში, ალ. ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმში, ქართველი მხატვრის, სცენოგრაფის, მირიან შველიძის გამოფენა გაიხსნა.
გახსნის ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, ასევე, მხატვრის ოჯახის წევრები, კოლეგები და მეგობრები ესწრებოდნენ.
ღონისძიების გახსნისას, მინისტრმა მირიან შველიძის შემოქმედებასა და გამოფენის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ქართველი მხატვრის უნიკალურმა ვიზუალურმა ენამ თანამედროვე თეატრის სახე განსაზღვრა და კონცეპტუალური სცენოგრაფიის პრინციპებს საფუძველი ჩაუყარა. წინანდლის მამულის საგამოფენო სივრცეში კი, მირიან შველიძის სცენოგრაფიული ელემენტები დროებით დამოუკიდებელი პერსონაჟის, მთავარი გმირის სტატუსს იძენენ და იწყებენ თამაშს დროსა და სივრცესთან.
გამოფენაზე, მუზეუმის შიდა და გარე სივრცეში, წარმოდგენილია ხელოვანის მიერ სხვადასხვა პერიოდში შექმნილი კოსტიუმები, ესკიზები, მაკეტები და სპექტაკლების დეკორაციები“, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოფენა ალ. ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმში 3 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები