ჰერმან საბო: ზურა ჯაფარიძე პოლიტიკოსია და მის ნებისმიერ ქმედებას პოლიტიკური მიზანი აქვს, მეორე საკითხია, ამ მიზანს ხალხში რამდენად გაიტანს

ზურა ჯაფარიძე პოლიტიკოსია და მის ნებისმიერ ქმედებას პოლიტიკური მიზანი აქვს. მეორე საკითხია, ამ მიზანს ხალხში რამდენად გაიტანს. ვიდრე მხარდაჭერა არ არის, მისი მიზანი მიზნად დარჩება, – ასე აფასებს „გირჩის“ წევრი, ჰერმან საბო „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის მიერ ერთ-ერთი მედიის ეთერში გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის ამბობს: „ჩემს „ტელეგრამზე“ 379 ადამიანი დარეგისტრირდა, რომლებიც მზად არიან ქუჩაში პროტესტზე, ხელის შეშლაზე, დაუმორჩილებლობაზე, საბოტაჟზე. ამოცანა მაქვს, მათი რაოდენობა გავზარდო“.

საბოს თქმით, ახლა ისეთი პერიოდია, რომ ყველა 12 პუნქტის შესრულებაზე უნდა იყოს კონცენტრირებული.

„დაუმორჩილებლობისა და ხელისუფლების შეცვლის სურვილი ადამიანების კონსტიტუციური უფლებაა. თუ ისინი მიიჩნევენ, რომ ვიღაც მათ არ წარმოადგენს, მათ ყველანაირი პროტესტის უფლება აქვთ ძალადობის გარეშე, თუმცა, რასაც ვუყურებთ, ტემპები იმდენი არ არის, რომ ზურა ჯაფარიძემ უახლოეს მომავალში შეასრულოს ის, რასაც დაგვპირდა. თუ ის უფრო ეფექტური იქნება და ადამიანებს დაარწმუნებს იმაში, რომ ხელისუფლება გადატრიალებით არის შესაცვლელი და მას ათობით ათასი ადამიანი დაუჭერს მხარს, ე.ი. ხალხის ნება ეს არის და ლეგიტიმაციას შეიძენს. ვიდრე რამდენიმე ასეულზეა საუბარი, მანამდე ეს ლეგიტიმაციის წყარო ვერ იქნება.

ზურა ჯაფარიძე პოლიტიკოსია და მის ნებისმიერ ქმედებას პოლიტიკური მიზანი აქვს. მეორე საკითხია, ამ მიზანს ხალხში რამდენად გაიტანს. ვიდრე მხარდაჭერა არ არის, მისი მიზანი მიზნად დარჩება. მისი ქმედებები „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს, რადგან იმ პროცესში, როცა ყველა გვიკიჟინებს, რომ ერთად დავსხდეთ და რეკომენდაცია შევასრულოთ, თუ „ქართულ ოცნებას“ 12 პუნქტის შესრულება არ უნდა, მაშინ მას ნებისმიერი ქმედება არგუმენტად გამოადგება და იტყვის, მარტო რა ვქნა, ზოგი შენობას ზომავს, ზოგი სამუშაო ჯგუფებში არ შემოდის, ზოგი ხმას არ იღებსო. მგონია, ისეთ პერიოდში ვართ, რომ კონცენტრირებული უნდა ვიყოთ 12 პუნქტის შესრულებაზე და მმართველი გუნდის თემატურ კრიტიკაზე. ნებისმიერი სხვა რამ, თუ მასშტაბური არ არაა, არის დესტრუქცია რეკომენდაციების შესრულების პროცესში.

იმის მსაჯული ვერ ვიქნები, გულწრფელია ზურა ჯაფარიძე თავის მოწოდებებში და მართლა თვლის, რომ სხვა გზა არ არის, თუ ეს პოლიტიკური თამაშია, რათა „ნაციონალური მოძრაობის“ როლი ჩაანაცვლოს – მიხეილ სააკაშვილის განცხადებები რომ გვესმოდა და ახლა არ გვესმის, ის ნიშა დაიკავოს. ვინაიდან, მასთან კონტაქტი არ მაქვს და არ ვიცი, რა მოტივით მოძრაობს, ამ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ“, – განაცხადა ჰერმან საბომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები