სარჯველაძე – ოპოზიციაზე: შესაძლოა, აქვთ სურვილი, უსაგნო ოპონირებისთვის ახალი ფრონტი გაიშალოს – არავის აქვს მიზეზი, გაგვაკრიტიკოს

ვერცერთ შემთხვევაში ვერ გავიზიარებ ოპოზიციის პოზიციას, თითქოს, პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან ულტიმატუმს ჰქონდა ადგილი. პირიქით, ოპოზიციის მიმართ შეთავაზება იყო იმის თაობაზე, რომ გაიმართოს კონსულტაციები იმ ბრძანებასთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა გამოსცეს, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ბეჟაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის თავმჯდომარე დაემუქრა ოპოზიციას, რომ თუ მხარს ცვლილებებს არ დაუჭერდნენ, არ მოხდებოდა ოპოზიციის კონსულტაციებში ჩართვა და მათი აზრის გათვალისწინება კომისიაში.

სარჯველაძის თქმით, შესაძლოა, ოპოზიციის წარმომადგენლებს აქვთ სურვილი, რომ უსაგნო ოპონირებისთვის ახალი ფრონტი გაიშალოს.

„განა რა არის აქ საულტიმატუმო ან ისეთი, რაც შეიძლება უარის თქმის მიზეზს იძლეოდეს? არ მგონია, რომ ოპოზიციამ მართებული პოზიცია დაიკავა. ვაითუ, არიან ოპოზიციის რიგებში ისეთი დეპუტატები, ვისაც მიზეზი ჰქონდა მოსაძებნი იმისთვის, რომ რეგლამენტში ცვლილებების პროექტისთვის მხარი არ დაეჭირათ. წარმოდგენილ ინიციატივას არაფერი აქვს დასაწუნი, ამის გასამართლებელი არგუმენტიც არ აქვთ.

უმჯობესია, გადახედონ პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას, საკუთარ პოზიციას და გადაწყვეტილება მიიღონ. საკუთარი მხარდაჭერა მესამე მოსმენით კენჭისყრისას მაინც ასახონ, როგორც ეს პირველი მოსმენის ეტაპზე გააკეთეს. შესაძლოა, აქვთ სურვილი იმის, რომ უსაგნო ოპონირებისთვის ახალი ფრონტი გაიშალოს. არავის აქვს მიზეზი, აქ რაიმე ფორმით გაგვაკრიტიკოს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები