Air Moldova მოსკოვში ფრენებს განაახლებს
ავიაკომპანია Air Moldova 1-ელი ოქტომბრიდან მოსკოვის მიმართულებით ფრენების განახლებას აანონსებს.
ამის შესახებ Eurointegration-ი წერს.
კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება მოლდოვის მოქალაქეების არაერთი მიმართვის შემდეგ იქნა მიღებული, რომელთაც სახლში დაბრუნება სურთ.
გარდა ამისა, კომპანიაში აღნიშნეს, რომ ფრენების განახლების გადაწყვეტილება გამოწვეულია მგზავრების მოთხოვნით, გამოიყენონ პანდემიის დროს და თებერვალში საჰაერო სივრცის დახურვის შემდეგ შეძენილი ბილეთები.
„ამ გარემოებებმა განაპირობა ის სირთულეები, რომლებსაც ყოველდღიურად აწყდება ასობით ჩვენი თანამოქალაქე: ბილეთების ხელახალი ყიდვის აუცილებლობა გაბერილ ფასებში, მგზავრობის გახანგრძლივება, გრძელი და დამღლელი ფრენები ტრანსფერებით, რაც განსაკუთრებით რთულია გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შემთხვევაში. სწრაფი და უსაფრთხო საჰაერო მოგზაურობა ჩვენი მოქალაქეებისთვის აუცილებელია. რუსეთის ფედერაციასთან ფრენების განახლება არის ჩვენი თანამემამულეების მოთხოვნებზე პასუხი“, – აცხადებენ კომპანიაში.