შალვა პაპუაშვილი – USAID-ის ანგარიშზე: ეს არის უხარისხო ბიუროკრატიული ნამუშევარი, ბროშურები, რომელიც შემდგომ თაროზე დევს და მტვერი ედება

ეს არის უხარისხო ბიუროკრატიული ნამუშევარი, ბროშურები, რომელიც შემდგომ თაროზე დევს და მტვერი ედება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა USAID-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე საუბრისას „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

პაპუაშვილი დარწმუნებულია, რომ აღნიშნული ანგარიშის ავტორი, არც კი დაფიქრებულ რა დაწერა.

„ვნახე ეს ანგარიში, ჩემზე დატოვა შთაბეჭდილება, რომ ეს არის ტიპური ბიუროკრატიული ანგარიში და სიმართლე გითხრათ, დარწმუნებული ვარ, ავტორი, რომელიც სადღაც შორს ზის, არც კი დაფიქრებულა, რას წერს. სხვადასხვა ორგანიზაციაში ვარ ნამუშევარი და წარმომიდგენია, რომ ეს ჩვეულებრივი ბიუროკრატიული პროდუქტია, რომელიც დაეყრდნო, ითქვა კიდეც, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ადგილობრივი ოფისის მონაცემებს და მათი პოზიცია ვიცით. ის ანგარიში საქართველოს არ შეეხება სხვათა შორის, არის იმაზე, ზოგადად მსოფლიოში როგორი მეთოდებით, ინსტრუმენტებით მოქმედებს USAID და მაგალითად აქვთ ეს მოყვანილი და დარწმუნებული ვარ, რომ აბსოლუტურად გაუაზრებელი ნაწილი ჩადეს ამ ტექსტში. USAID-ის წარმომადგენლები საქართველოშიც არიან და შეგიძლიათ ჰკითხოთ და მიიღებთ მათგან განმარტებებს. ეს არის უბრალოდ უხარისხო ბიუროკრატიული ნამუშევარი, ბროშურები, რომელიც შემდგომ თაროზე დევს და მტვერი ედება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“, რომლის მონაცემებსაც USAID-ის ანგარიში ეყრდნობა, პირდაპირ პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს.

„სამწუხაროდ ზოგიერთ ორგანიზაციას შექმნილი აქვს ხელოვნურად რეპუტაცია, ამ რეპუტაციით სარგებლობს და მერე რასაც იტყვის ეს ორგანიზაცია, ამას იღებენ როგორც ჭეშმარიტებას სხვები. ეს არის ორგანიზაცია, რომელსაც პირდაპირ პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს. სამწუხაროდ, იქიდან გამომდინარე, რომ გარკვეული მხარდაჭერით სარგებლობს და ფორუმებზე წვდომა აქვს, მისი სიტყვა შეიძლება ასე პირდაპირ აღმოჩნდეს რომელიღაც ანგარიშში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები