პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ბალმორალის სასახლეში მიემგზავრებიან, სადაც სამეფო ოჯახია შეკრებილი
პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა, რომლებიც ევროპაში რიგ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდნენ, შეაჩერეს ვიზიტი და ბალმორალის სასახლეში გაემგზავრნენ, სადაც მთელი სამეფო ოჯახია შეკრებილი.
ამის შესახებ The Sun-ი იტყობინება.
დედოფალ ელიზაბეტ II-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, შოტლანდიურ სასახლეში უკვე ჩავიდნენ მისი ვაჟი ჩარლზი და შვილიშვილი, პრინცი უილიამი.
დიდი ბრიტანეთის, 96 წლის დედოფალ ელიზაბეტ II-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მედიკოსების შეშფოთებას იწვევს, ექიმები მას მეთვალყურეობის ქვეშ დარჩენას ურჩევენ.
7 სექტემბერს სამეფო პრესსამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ, ექიმების რჩევით, სამეფო საიდუმლო საბჭოს სხდომა გადაიდო.
6 სექტემბერს ელიზაბეტ II-მ შოტლანდიურ სასახლეში ბორის ჯონსონის გადადგომა მიიღო, შემდგომ კი მის შემცვლელად არჩეულ ლიზ ტრასთან აუდიენცია გამართა.
ახალი პრემიერმინისტრის დანიშვნა ბუკინგემის სასახლის ნაცვლად ბალმორალში მოხდა, რადგან ექიმებმა შოტლანდიაში მყოფ დედოფალს აგვისტოს ბოლოს ურჩიეს, თავი შეიკავოს ხანგრძლივი მოგზაურობისგან.
ლიზ ტრასმა დედოფალთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ ბრიტანელები ფიქრებით ახლა ელიზაბეტ II-სა და მის ოჯახთან არიან.