ირაკლი კობახიძე: არ ვიცი, აშშ-ის საელჩოს განცხადებაში შეცდომების გაპარვა რეგულარულად რატომ ხდება – დეზინფორმაციული ჩანაწერები პოლარიზაციას წაახალისებს
“რატომ ხდება რეგულარულად ასეთი შეცდომების გაპარვა საელჩოს განცხადებაში, არ ვიცი – იმედი გვაქვს, საელჩო შემდეგში უფრო მეტი ყურადღებით მოეკიდება საკუთარ პოზიციებს”, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას.
მისივე თქმით, დეზინფორმაცია ქვეყანაში პოლარიზაციას წაახალისებს.
„ძალიან დასანანი და სამწუხაროა ეს განცხადება. ის შეიცავს ორ არასწორ მინიშნებას: პირველი – საუბარია იმაზე, თითქოს არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს ეს კანონი, რაც არის ტყუილი. ჩვენ როგორც საერთაშორისო პარტნიორებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს შევთავაზეთ, ასევე პოლიტიკურ პარტიებს (წარმოედგინათ სამართლებრივი არგუმენტები), შემდეგ პრეზიდენტი ჩაერთო ამ საქმეში, ვეტო დაადო, შემდეგ ვენეციის კომისიაში გაიგზავნა, ვერავინ სამართლებრივი შენიშვნა ვერ წარმოადგინა, მით უმეტეს, არავის არ უთქვამს, რომელი სტანდარტია დარღვეული. ჰკითხეთ ნებისმიერ მათგანს, რომელი ერთი სტანდარტია დარღვეული, საელჩოს ჰკითხეთ მათ შორის, ვერავინ დაგისახელებთ. დღემდე ვერ დაასახელეს, 6 თვე გავიდა, რაც დაინიცირდა და ერთი სამართლებრივი შენიშვნა ვერ გამოთქვეს. ეს არის ერთი სამწუხარო ტყუილი, რომელიც გაიპარა საელჩოს განცხადებაში და მეორე – ერთი სამწუხარო რამ წერია, არ ვიცი, ტყუილი თუ რაც გინდათ, ის დაარქვით, მძიმედ უნდა შეფასდეს. ეს არის ის, თითქოს მიზანმიმართულად იქნა მიღებული ეს კანონი მოქალაქეების გაკონტროლებისთვის. ესეც გაუგებარია, რადგან ინგლისურად წერია მონიტორინგი, ქართულად – კონტროლი. თარგმანშიც კი განსხვავებაა, ინგლისურშიც იმიჯნება ეს ტერმინები. მოქალაქეების კონტროლი არის ის, რასაც სინამდვილეში არ ეხება ეს კანონი, ის ეხება დამნაშავეების კონტროლს და როცა ამერიკის საელჩოს განცხადება ერთმანეთთან აიგივებს დამნაშავეებს და საქართველოს მოქალაქეებს, ეს არის ჩვენთვის რა თქმა უნდა, შემაშფოთებელი. ძალიან მკაცრად არის გაწერილი ეს კანონი, ზუსტად არის გაწერილი ყველაფერი, მათ შორის, ვადები, ვადების გახანგრძლივების წესი, დანაშაულის კატეგორიები და საკმაოდ მძიმე დანაშაულის კატეგორიას ეხება ეს კანონი. როცა ხდება მძიმე დამნაშავეების და პოტენციური დამნაშავეების გაიგივება საქართველოს მოქალაქეებთან, ეს ძალიან რბილად რომ ვთქვათ, შეცდომაში შეყვანის შედეგია. რატომ ხდება რეგულარულად ასეთი შეცდომების გაპარვა საელჩოს განცხადებაში, არ ვიცი. ძალიან მძიმეა ჩვენთვის. ასეთი განცხადებები, დეზინფორმაციული ჩანაწერები წაახალისებს საქართველოში პოლარიზაციას”, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, აშშ-ის საელჩომ გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ პარლამენტის გადაწყვეტილება, გამიზნულად მიეღო მოსმენების შესახებ კანონი, რომელიც უზრდის მთავრობას შესაძლებლობას, გააკონტროლოს თავისი მოქალაქეები, ევროპულ სტანდარტებთან თანხვედრაში არ არის.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აღნიშნული კანონი საქართველოს აშორებს ევროპულ ინტეგრაციას, ნაცვლად მასთან დაახლოებისა.