თინა ხიდაშელი: ოპოზიციური პარტიების ერთი ნაწილი მუდმივად იმით აპელირებს, რომ მისი ამომრჩეველი ითხოვს აქციებს და რევოლუციურ სცენარებს

საქართველოში ოპოზიციური პარტიების დიდი უმრავლესობა რიგგარეშე არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე უფრო მეტს ლაპარაკობს და დაპირებას უფრო მეტად გასცემს, რომ რიგგარეშე არჩევნები იქნება, ვიდრე სინამდვილეში იმ პროცესს ქმნის, რომელმაც შეიძლება ცვლილებამდე მიგვიყვანოს, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები მოწოდებით არ ტარდება.

„რიგგარეშე არჩევნები არ დგება მოწოდებით. რიგგარეშე არჩევნები ქვეყანაში ტარდება, როგორც პროცესის ნაწილი, თუკი პროცესმა მიგიყვანა. საქართველოში ოპოზიციური პარტიების დიდი უმრავლესობა რიგგარეშე არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე უფრო მეტს ლაპარაკობს და დაპირებას უფრო მეტად გასცემს, რომ რიგგარეშე არჩევნები იქნება, ვიდრე სინამდვილეში იმ პროცესს ქმნის, რომელმაც შეიძლება ცვლილებამდე მიგვიყვანოს. ამიტომ, ჩემი აზრით, კი არ უნდა ვილაპარაკოთ ამ თემებზე, საუბარი უნდა შევწყვიტოთ და საქმით დავკავდეთ. პროცესი უნდა მიმდინარეობდეს ქვეყანაში, რომელიც ქვეყანას პროგრესისკენ წაიყვანს, რომელიც ქვეყანაში ცვლილებებს გამოიწვევს. ეს პროგრესი შეიძლება გამოიხატებოდეს იმით, რომ მივაღწიოთ სასამართლო რეფორმაში, საარჩევნო კანონმდებლობაში, 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით პროგრესს და შედეგად, კანდიდატის სტატუსი მივიღოთ“, – განაცხადა ხიდაშელმა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციური პარტიების ერთი ნაწილი მუდმივად იმით აპელირებს, რომ მისი ამომრჩეველი ითხოვს აქციებს და რევოლუციურ სცენარებს.

„ნაცვლად იმისა, რომ ქართული პოლიტიკური პარტიები საზოგადოებას მწყობრ სამოქმედო გეგმას სთავაზობდნენ და ამ გეგმაში გაყოლას, ჩვენი ოპოზიციური პარტიების ერთი ნაწილი მუდმივად იმით აპელირებს, რომ მისი ამომრჩეველი ითხოვს აქციებს და რევოლუციურ სცენარებს, თორემ სინამდვილეში თვითონ კი არ უნდათ ეს. სად ნახეთ ქუჩაში გამოვარდნილი ამომრჩეველი“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები