“მარცვლეული იგზავნება არა ღარიბ ქვეყნებში, არამედ – ევროკავშირის ქვეყნებში” – პუტინი უკრაინიდან პროდუქტების ექსპორტის შეზღუდვას არ გამორიცხავს
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თურქ კოლეგასთან, რეჯეპ თაიფ ერდოღანთან უკრაინის მარცვლეულის გატანის მიმართულებების შეზღუდვაზე ისაუბრებს, რადგან, პუტინის აზრით, გემების უმეტესობა არა ღარიბ და განვითარებად ქვეყნებში, არამედ ევროკავშირის ქვეყნებში იგზავნება.
ამის შესახებ მან აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.
“თუ თურქეთს გამოვრიცხავთ, როგორც შუამავალ ქვეყანას, უკრაინიდან ექსპორტირებული მთელი მარცვლეული იგზავნება არა განვითარებად და ღარიბ ქვეყნებში, არამედ – ევროკავშირის ქვეყნებში. გაერო-ს მსოფლიო სასურსათო პროგრამის მიხედვით, რომელიც სწორედაც გაჭირვებული ქვეყნების დახმარებას გულისხმობს, მხოლოდ ორი გემი დაიტვირთა. ხაზგასმით აღვნიშნავ, 87-დან მხოლოდ ორი და ამ გემებით ორი მილიონი ტონიდან მხოლოდ 60 ათასი ტონა საკვები გადაიტანეს. ეს მხოლოდ სამი პროცენტია იმის, რაც განვითარებად ქვეყნებში იგზავნება”, – თქვა პუტინმა.
მისი აზრით, ევროპის ქვეყნების ამგვარი პოლიტიკა კოლონიური წარსულის გაგრძელებაა.
“როგორც ბევრი ევროპული ქვეყანა გასულ ათწლეულებსა და საუკუნეებში მოქმედებდა, როგორც კოლონიალისტი, ისინი აგრძელებენ მოქმედებას დღესაც. ამ მიდგომით, სამწუხაროდ, მსოფლიოში საკვების პრობლემების მასშტაბები მხოლოდ გაიზრდება, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს უპრეცედენტო ჰუმანიტარული კატასტროფა. შესაძლოა, უნდა დავფიქრდეთ მარცვლეულისა და სხვა პროდუქტების გატანის მარშუტების შეზღუდვაზე”, – თქვა პუტინმა.
მისი თქმით, ამ თემაზე „აუცილებლად გავივლი კონსულტაციას“ თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან, რომ, „უპირველესად, ღარიბი ქვეყნების დაეხმარება მოხერხდეს”.