ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი უნდა იყოს მთელი ერის კონსენსუსის საფუძველზე განხორციელებული, ყველამ ერთად უნდა იმუშაოს, არამარტო მთავრობამ, არამედ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი უნდა იყოს მთელი ერის კონსენსუსის საფუძველზე განხორციელებული, ყველამ ერთად უნდა იმუშაოს, არამარტო მთავრობამ, არამედ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი და მისი ყველა პოლიტიკური ინსტიტუტი მზად არის საქართველოს დასახმარებლად.

„ძალიან მიხარია, რომ ვმასპინძლობ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ამ ასოცირების საბჭოს სხდომაზე. საქართველო არის ჩვენი ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი. ეს განსაკუთრებული შეხვედრაა, იმიტომ რომ ევროკავშირის ლიდერების მიერ საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების შემდეგ ასეთი მაღალი დონის შეხვედრა პირველად იმართება. ეს ნამდვილად ადასტურებს იმას, რომ ევროკავშირს აქვს ნაკისრი ვალდებულება, კიდევ უფრო გააძლიეროს ჩვენი ურთიერთობები და საქართველოს ამბიციები გაამართლოს, თუმცა ეს ამბიციები, როგორც ყოველთვის, მომდინარეობს თავისი პასუხისმგებლობით. ეს პასუხისმგებლობა არის რეფორმების გაგრძელება, განსაკუთრებით იმ 12 პრიორიტეტის მიმართ, რომელიც გამოვლენილი იყო ევროკომისიის მიერ. მეორე პასუხისმგებლობა მომდინარეობს იქიდან, რომ შესუსტდეს პოლარიზაცია მთელ პოლიტიკურ სპექტრში და აქცენტი გაკეთდეს ყველას საერთო ძალისხმევაზე, რათა გაცხადებული მიზანი იყოს შესრულებული. ეს არამარტო მთავრობამ უნდა შეძლოს, არამედ მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა და მთელმა საზოგადოებამ. ნება მომეცით, შეგახსენოთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი. არ არსებობს არანაირი მოკლე გზა ან გადახვევა. არსებობს პოლიტიკური ნება, რომელიც შედეგებში გადაიზრდება. მხოლოდ ხილვადი, ხელმისაწვდომი და ხელშესახები შედეგები განაპირობებს ამ გზაზე წინსვლას.

პერსპექტივა ძალიან ნათელია: როდესაც საუბარია პოლიტიკურ კულტურაზე, ინკლუზიურობაზე, დემოკრატიის პრინციპების, სამართლის უზენაესობის, სასამართლოს დამოუკიდებლობის, მედიის თავისუფლების საკითხებზე, ეს ყველაფერი არის ჩვენი ფუძემდებლური პრინციპები. საქართველომ გადაწყვიტა, ევროპულ გზას შეუდგეს და ეს პასუხისმგებლობა იკისროს. ახლა აქტუალურია ამ დანაპირების შესრულება. ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი უნდა იყოს მთელი ერის კონსენსუსის საფუძველზე განხორციელებული. ყველამ ერთად უნდა იმუშაოს, არამარტო მთავრობამ, არამედ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ. სწორედ ამიტომ ჩვენ ამ პროცესს ვუწოდებთ ინკლუზიურ პროცესს. მასში უნდა აისახოს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილი, რათა ევროკავშირს დაუკავშიროს თავისი მომავალი. ხაზი მინდა გავუსვა სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას, ამ გზაზე ყველა მოთამაშე ასრულებს თავის როლს, თუმცაღა მთავარი პასუხისმგებლობა გამოკვეთილია. ეს განსაკუთრებით არ არის მარტივი არსებული პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, მაგრამ თქვენ მარტონი არ ხართ. ევროკავშირი და მისი ყველა პოლიტიკური ინსტიტუტი თქვენთან არის და მზად არის თქვენს დასახმარებლად“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები