პაატა ზაქარეიშვილი: ვადამდელი არჩევნები კი არ დაასრულებს „ნაციონალურ მოძრობას“, არამედ დამარხავს – ხალხს ყელში აქვს ამოსული „ნაციონალური მოძრაობა“

ეს [ვადამდელი] არჩევნები კი არ დაასრულებს „ნაციონალურ მოძრობას“, არამედ დამარხავს, იმიტომ, რომ ხალხს ყელში აქვს ამოსული „ნაციონალური მოძრაობა“, – ამის შესახებ ექსპერტმა პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, თუ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები ჩატარდება, ოპოზიცია კრახს განიცდის და „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

„ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ ეს თუ მოხდება მთლიანი ოპოზიცია კრახს განიცდის, რადგან დღეს საზოგადოებაში ვადამდელი არჩევნების განწყობა არის არის. არაფერი არ ხდება ისეთი, რის გამოც საზოგადოება უნდა წავიდეს ვადამდელ არჩევნებზე. 2024 წლის არჩევნები არსად არ წავა, ის აუცილებლად იქნება, აქედან გამომდინარე ყოველ წელს არჩევნები, მხოლოდ გააღიზიანებს ამომრჩეველს. ვადამდელი არჩევნები აუცილებლად დასრულდება ოპოზიციის კრახით. რატომ აკეთებს ამას ოპოზიცია არ მესმის. საზოგადოებაში „ქართული ოცნება“ ნამდვილად არ არის პოპულარული, მაგრამ სხვა პარტიებიდანაც არავინ არის პოპულარული.

ნიკა მელიას არცერთი არგუმენტი არ არის დამაჯერებელი. საქართველოს მოქალაქის დღის წესრიგში არის სიღარიბე, გაჭირვება, ფასების მატება, ამას არანაირი კავშირი არ აქვს ცენტრალური საარჩევნო კომისიის არჩევასთან, არც სახალხო დამცველის არჩევასთან, ევროკავშირში გაწევრიანებასაც კი არ აქვს კავშირი. ამიტომ, ასეთი ზერელე, წინდაუხედავი ანალიზი კარგს არაფერს მოუტანს, არც ოპოზიციას, მით უმეტეს, სახელმწიფოს. ეს იქნება ანტისახელმწიფოებრივი აქტი, იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ ასეთ ვადამდელ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ამასთან, ექსპერტი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არჩევნებზე ლაპარაკი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შედეგები.

„ეს არჩევნები კი არ დაასრულებს „ნაციონალურ მოძრობას“, არამედ დამარხავს, იმიტომ, რომ ხალხს ყელში აქვს ამოსული „ნაციონალური მოძრაობა“. ვერ იტანენ „ქართულ ოცნებას“, მაგრამ ამათ უფრო მეტად ვერ იტანენ. უარყოფითი რეიტინგი უფრო „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, ვიდრე „ქართულ ოცნებას“. უბედურება ის არის, რომ ცუდ და უარესს შორის გვაქვს არჩევანი“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები