ირაკლი კოვზანაძე: ფისკალური თვალსაზრისით, 2021 წელი 2020 წელთან შედარებით უკეთესი იყო
„ფისკალური თვალსაზრისით, 2021 წელი 2020 წელთან შედარებით უკეთესი იყო. შარშან წლის განმავლობაში 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები ორჯერ განხორციელდა. ჯამში ბიუჯეტის ასიგნებები, რომელიც თავდაპირველად იყო 18 მილიარდ 385 მილიონი ლარი, გაიზარდა მილიარდ 411 მილიონი ლარით და 19 მილიარდ 796 მილიონი ლარი შეადგინა“, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ საპარლამენტო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში განიხილეს.
ირაკლი კოვზანაძის თქმით, ამ ცვლილებებით, 2021 წელს ჯანდაცვის, სოციალური დაცვის და დევნილთა ასიგნებები ჯამურად გაიზარდა – 976 მლნ. ლარით, ასიგნებები სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის და გარემოს დაცვის მიმართულებით – 177 მლნ. ლარით, თავდაცვის ხარჯები – 90 მლნ. ლარით, პროგრამა განახლებული რეგიონები – 90 მლნ. ლარით, განათლების ხარჯები – 40 მლნ. ლარით. კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობის მიმართულება – 31 მლნ. ლარით და ა.შ.
„2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შუალედური ანგარიშები, რეგლამენტის შესაბამისად, განვიხილეთ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე“, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, თანამომხსენებელმა დეტალურად ისაუბრა გასული წლის ბიუჯეტის მთავარ პარამეტრებზე, მიღწევებზე და გამოწვევებზე.
„ინფლაცია, შარშან და წელსაც არის მთავარი გამოწვევა ჩვენი ეკონომიკის და საზოგადოების. ცხადია ეს ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობა და მანდატია, მაგრამ მნიშვნელოვანია, ფინანსთა სამინისტროს ჩართულობა, რათა ინფლაციის მაჩვენებელი მაქსიმალურად სწრაფად დაუახლოვდეს მიზნობრივ დონეს, ფასები რეალურად შემცირდეს და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდეს“, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან.