ნატო არღვლიანი: შეურაცხყოფა მომაყენეს იქ, სადაც ვითომ თავისუფლებისთვის მებრძოლი 120 არასამთავრობოა ერთად, მათ ბულინგის ქვეშ მომაქციეს

იმის გამო, რომ ოჯახის ინსტიტუტი დავიცავი, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა წნეხის, ბულინგის ქვეშ მომაქციეს, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია (NGO) „ქართველების, აფხაზების და ოსების მშვიდობის სამოქალაქო პლატფორმის“ თავმჯდომარემ, იურისტმა ნატო არღვლიანმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, შემთხვევა 18 ივნისს გამართულ შეხვედრაზე მოხდა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით „ზუმში“ გაიმართა.

„მე, ნატო არღვლიანი, არასამთავრობო ორგანიზაცია ქართველების, აფხაზების და ოსების მშვიდობის სამოქალაქო პლატფორმას” წარმოვადგენ, თავმჯდომარე ვარ. ეს პლატფორმა 2018 წლიდან მაქვს. ვინაიდან გახლავართ აფხაზეთიდან, ჩემი ხალხისთვის სიკეთის გაკეთება მსურდა, არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანებაში გავწევრიანდით, რომელსაც „საქართველოს ეროვნული პლატფორმა – აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი“ ჰქვია. ამ 5 წლის განმავლობაში ბევრ შეხვედრას დავესწარი, მაგრამ საერთოდ ვერაფერი გავაკეთე ჩემი ხალხისთვის. ვიყავი შეხვედრებზე საზღვარგარეთ, უამრავ შეხვედრაზე ვარ ნამყოფი საქართველოში. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა 2022 წლის 18 ივნისს გაიმართა. გულისტკივილი მივიღე სწორედ იმიტომ, რომ, თითქოს, მე არ ვეთანხმები იმ 12 პუნქტს, რის შესრულებასაც ჩვენ ევროკავშირი გვთხოვს. ასე ნამდვილად არაა. ეს იყო შეხვედრა „ზუმში“, ტელეფონით ჩართვა მქონდა, თავიდან ვერ დავესწარი, წყვეტა იყო, მოგვიანებით ჩავერთე. იქ დამსწრე არასამთავრობო ორგანიზაციები ყველა იმ 12 პუნქტის უკლებლივ შესრულებას ითხოვდნენ. მე ჩემი აზრი დავაფიქსირე. დაველოდე, იქნებ რომელიმეს მაინც ეთქვა, რომ ჩვენ ქართველები ვართ, ქართულ ტრადიციებზე გაზრდილები, ჩვენი კულტურა გვაქვს, საუკუნეები ვერავინ ვერაფერი დაგვაკლო, მათ შორის, ჯალალ ედდინმა, ჩვენს ღირსებას არ დავთმობთ, არც ევროკავშირის, არც რუსეთის, არც ამერიკის ფასად. ჩვენ ვართ ქართველები, ჩვენი ღირებულებები გვაქვს, გვინდა, ჩვენი შვილები ვაჟკაცებად, დედებად, მამებად გავზარდოთ, ჩემთვის მისაღები არ არის – საქართველოში ნორმად დაკანონდეს ქალი ქალთან, კაცი კაცთან, მე როგორც დედას, მეწოდოს მშობელი N 1, ან N 2. საქართველოში 85 %-ს გვინდა ევროკავშირი, მაგრამ – ჩვენი ღირებულებებით. ეს ყველაფერი 18 ივნისის შეხვედრაზე დავაფიქსირე. გამომიყვანეს ქვეყნის აგენტად, თითქოს, ევროკავშირში გაწევრიანებას არ ვეთანხმები და მის დისკრიმინაციას ვეწევი. ეს აბსოლუტური სიცრუეა. ამას არგუმენტირებულად შეხვედრის ჩანაწერებით დავამტკიცებ. ამ ჩანაწერებს 18 ივნისის შემდეგ ვითხოვ და დღემდე არ მაძლევენ. თითქოს, მე ვარ დამრღვევი, არ ვიცი, საიდან რა მოიტანეს, რას მაბრალებენ. მინდა ვთქვა, რომ ვიქნები ყველგან, სადაც ეროვნული აზრია. ეროვნული გულით მცხოვრებ ქართველებს აგენტებს გვეძახიან. ბატონმა კახა გოგოლაშვილმა აგენტი მიწოდა. თავად „რონდელის ფონდს“ წარმოადგენს. რა გაუკეთებიათ მათ, თუნდაც, ჩემნაირი დევნილისთვის? მე აგენტი არ ვარ, მე ვარ ქართული სულისკვეთებით გაზრდილი, თქვენ აგენტს მიწოდებთ, მე არ გიწოდებთ, თქვენს გულში ჩაიხედეთ, ვინ ხართ, რას ემსახურებით? რა გაგიკეთებიათ ჩვენი მოსახლეობისთვის, დევნილებისთვის? მხოლოდ ლგბტ თემის წარმომადგენელი უნდა იყო, რომ დაგიცვან? მრავალშვილიან დედებს რატომ არ იცავთ? შეურაცხყოფა მომაყენეს იქ, სადაც ვითომ თავისუფლებისთვის მებრძოლი 120 არასამთავრობოა ერთად. „ზუმის“ იმ ჩართვაზე წნეხის, ბულინგის ქვეშ ვიყავი იმიტომ, რომ ოჯახის ინსტიტუტი, ჩვენი შვილების ღირსება დავიცავი. თქვენ საქართველოში აგენტებად გამოდიხართ. გამოდის, საქართველოსთვის კარგი კი არ გინდათ, ოღონდ თქვენ ევროკავშირიდან ფინანსდებდეთ და ყველაფერი უპირობოდ გინდათ, შეასრულოთ“, – განაცხადა არღვლიანმა.

ნატო არღვლიანის განცხადებით, მისი საკითხი არასამთავრობოების გაერთიანების ეთიკის კომისიაზე დაისვა და მას წევრობის სტატუსი შეუჩერეს.

„ეთიკის კომისიაზე დაისვა საკითხი. თუ კრიტიკული აზრი დავაფიქსირე, გარიყული და გარიცხული უნდა ვიყო. რატომ ვარ კრიტიკის ობიექტად ქცეული? რატომ გაიტანეთ ჩემი საკითხი? უფრო მეტად რომ დაფინანსდეთ? რა დავარღვიე? რა ეთიკის კომისია? ვის მივაყენე შეურაცხყოფა? თქვენ ჩანაწერში წერთ, რა პასუხიც მომეცით ასეთია: ევროინტეგრაცია არის საქართველოს ეკონომიკური, სოციალურ-პოლიტიკური განვითარების ყველაზე პერსპექტიული გზა. თითქოს მე ეს უარვყავი. ეს ასე არ იყო. მომეცით ჩანაწერი. მომეცით პასუხი, სიცრუეს ნუ ავრცელებთ. ჩემს სიტყვებს გავამართლებ, თუ როგორი შეურაცხყოფილი ვიყავი იმ შეხვედრაზე“, – განაცხადა არღვლიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები