კადიროვმა “განუსაზღვრელ და ხანგრძლივ შვებულებაში” წასვლა გადაიფიქრა
ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა, რამზან კადიროვმა “განუსაზღვრელ და ხანგრძლივ შვებულებაში” წასვლა გადაიფიქრა და განაცხადა, რომ მის გადადგომაზე საუბრები “მომავლის თემაა”.
როგორც მან “ტელეგრამში” დაწერა, თანამდებობაზე ხალხის ნდობის გასამართლებლად დარჩება.
როგორც ახალ პოსტში კადიროვი განმარტავს, ინტერნეტში წააწყდა პუბლიკაციას, რომ ის 15 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობს რეგიონს, რაც ყველაზე ხანგრძლივი ვადაა, თუმცა, მოგვიანებით გაარკვია, რომ რეკორდი 27 წელია, ამიტომ, ახლა ამ მაჩვენებლის დამარცხება სურს.
“რეალურად, ასე მარტივად წასვლის უფლება არ მაქვს. ხალხმა რეგიონის ხელმძღვანელობა მანდო და ჩემი წმინდა მოვალეობაა – ეს ნდობა გავამართლო. წასვლა შემიძლია მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხალხს და რუსეთის პრეზიდენტს ვკითხავ. ამიტომ, უვადო შვებულების შესახებ საუბრები მომავლისთვის მოვიტოვოთ”, – წერს კადიროვი.
მან დასძინა, რომ ამჟამად, ასეთ საპასუხისმგებლო დროს, ყოველწლიური შვებულებითაც არ ისარგებლებს.
„ადრეც მითქვამს, რომ ამ საპასუხისმგებლო დროს, როდესაც ჩვენი ქვეყანა დონბასში გლობალურ სატანიზმს ებრძვის, შვებულებაში გასვლა არ შეიძლება არც რეგიონალური ხელისუფლებისთვის და არც ყველა რანგის სამხედრო პერსონალისთვის“, – აღნიშნა ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა.