ხერსონში რუსეთთან შეერთების “რეფერენდუმი” გადაიდო

რუსეთის ჯარების მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ხერსონის რეგიონში რუსეთთან მიერთების “რეფერენდუმის” ჩატარება გადაიდო. მანამდე, ე.წ. რეფერენდუმის ჩატარება სექტემბერში იყო დაანონსებული.

როგორც რუსეთის მიერ დანიშნული რეგიონის საოკუპაციო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, კირილ სტრემუსოვმა განაცხადა, “პაუზა უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ვითარებას უკავშირდება”.

აგვისტოს ბოლოს ხერსონის მახლობლად უკრაინის ჯარების კონტრშეტევა დაიწყო. 30 აგვისტოს სტრემუსოვმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც გამოაცხადა, რომ რეგიონში “მშვიდობიანი ცაა”. თუმცა, ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ მან მიმართვა ვორონეჟში ჩაწერა. მოგვიანებით კი განმარტა, რომ “რუსეთის ქალაქებში მოგზაურობს და სამსახურებრივ, სხვადასხვა ადამიანს ხვდება”.

„ჩვენ მოვემზადეთ კენჭისყრისთვის, გვინდოდა რეფერენდუმის ჩატარება უახლოეს მომავალში, მაგრამ ყველა იმ მოვლენის გამო, რაც ახლა მოხდა, ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით შევჩერდებით. ეს გასაგები იქნება პრაქტიკულად, რადგან წინ არ გავრბივართ და მთავარ ამოცანას ვასრულებთ – მოსახლეობის გამოკვება, მოსახლეობის დაცვა“, – ციტირებს მას რუსული სააგენტო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები