დევიდ კრამერი: აბსურდია იმის თქმა, რომ აშშ-ს სურს საქართველოს ომში ჩართვა
“ეს ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია, რათა გავიხსენოთ, თუ რა გამოიარა საქართველომ 2008 წლიდან დღემდე”, – ამის შესახებ ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა, დევიდ კრამერმა განაცხადა, რომელიც სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა.
მისივე თქმით, აღნიშნული ვიზიტი არის კიდევ ერთი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
კრამერის განცხადებითვე, აბსურდია იმის თქმა, რომ აშშ-ს საქართველოს ომში ჩართვა სურს.
„ეს ჩვენთვის არის გაკვეთილი, რომლიდანაც უნდა ვისწავლოთ. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, თუ რისი გადატანა გიწევთ ყოველდღიურად, ეს ვიზიტი არის კიდევ ერთი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ საქართველოს მხარდაჭერას განვაგრძობთ იმისთვის, რომ საქართველო იყოს ერთიანი და თავისუფალი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
რუსული პროპაგანდა ცდილობს, დაადანაშაულოს აშშ და ევროპა. რა თქმა უნდა, აბსურდია იმის თქმა, რომ აშშ-ს სურს, საქართველო ომში ჩაებას. საქართველოს უკვე ჰქონდა ომი და მას არ სჭირდება კიდევ ერთი ომი. ჩვენ ვიხილეთ სოლიდარობა, რომელსაც ქართველი ხალხი გამოხატავს უკრაინის მიმართ, ჩვენ ვიხილეთ უკრაინის მხარდასაჭერად ქუჩაში გამოსული ათასობით ქართველი“, – აცხადებს კრამერი.