სანდრო ბრეგაძე: ირაკლი შიხიაშვილის გუბერნატორობა მიუღებელია
ირაკლი შიხიაშვილის გუბერნატორობა მიუღებელია, ხოლო ზაზა გაბუნიას გამგებლობა გაუგებარი – ამის შესახებ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს. როგორც სანდრო ბრეგაძე აცხადებს, საკუთარი მოსაზრების გახმაურების შესახებ იგი ბევრს ფიქრობდა და დღეს ამის შესახებ ხმამაღლა განაცხადა.
„დიდი ხანია ვფიქრობდი, მეთქვა თუ არა, მაგრამ არ შემიძლია არ ვთქვა, რადგან ეს ის სიმართლეა, რასაც ვფიქრობ- რბილად რომ ვთქვათ, ძალიან რბილად,ურბილესად – ირაკლი შიხიაშვილის გუბერნატორობა მიუღებელია, ხოლო ზაზა გაბუნიას გამგებლობა იმდენად გაუგებარი, რომ ამდენი წლის პოლიტიკაში ყოფნის მიუხედავად, დავიბენი. როდესაც ამას შინაურების წრეში ვსაუბრობდი, ბევრმა ახლობელმა მირჩია ხმამაღლა არ მეთქვა, რადგან კარიერას გაიფუჭებო. მე პირიქით ვუყურებ ამ საკითხს და მოყვარეს თუ პირში არ უთხარი, თუ მისთვის საზიანო რამეზე არ მიუთითე, მაშინ მოყვარე კი არა, მტერი ხარ, ხოლო კარიერა წყალსაც წაუღია, ის ჩემთვის ყოველთვის მეორე, მესამე და მეათასეხარისხოვანია. ადამიანებმა მეგობრობა უნდა იცოდნენ და ამ მეგობრობას სიმართლით, ერთგულებით უნდა იცავდნენ და არა მლიქვნელობით თუ ფარისევლობით“, – წერს სანდრო ბრეგაძე.