მედია: რუსეთმა აშშ-სგან ლავროვის დელეგაციისთვის ვიზები მოითხოვა, მაგრამ ჯერჯერობით არცერთი მიუღია
რუსეთმა აშშ-სგან 56 ვიზა მოითხოვა, რათა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და მისი დელეგაცია ნიუ-იორკში გაეროს ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაზე ჩასულიყო, მაგრამ ჯერჯერობით არცერთი მიუღია. Reuters გაეროს გენერალური მდივნისადმი მიწერილ წერილს აქვეყნებს.
როგორც ცნობილია, მოსკოვის მიერ მოთხოვნილი 56 ვიზა საჭიროა დიპლომატების ჯგუფისათვის, რომლებიც უნდა მოემზადონ ლავროვისა და მისი დელეგაციის ნიუ-იორკში ჩასვლისთვის.
წერილში რუსეთის ელჩმა გაეროში ვასილი ნებენზიამ აღნიშნა, რომ აღელვებას იწვევს ის ფაქტი, რომ ბოლო დროს ვაშინგტონი გამუდმებით უარს უცხადებს რუსეთის რიგ მოქალაქე-დელეგატებს აშშ-ში შესასვლელი ვიზების გაცემაზე, გაეროს ღონისძიებაზე დასასწრებად.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა Reuters-ს განუცხადა, რომ შტატები სერიოზულად უდგება თავის ვალდებულებებს როგორც გაეროს მასპინძელი ქვეყანა და რომ სავიზო ჩანაწერები აშშ-ის კანონმდებლობის თანახმად კონფიდენციალურია, ამიტომ სახელმწიფო დეპარტამენტი არ აკეთებს კომენტარს კონკრეტულ შემთხვევებზე. მაგრამ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სავიზო განაცხადების შეტანა უნდა მოხდეს წინასწარ, რათა მათი დამუშავება დროულად მოხდეს.