ილია დარჩიაშვილს ევროკავშირის ახალმა ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა

საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს ევროკავშირის ახალმა ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცერემონიის შემდეგ, მხარეებს შორის შეხვედრა გაიმართა.

“შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული თანამშრომლობის ფართო სპექტრი, მათ შორის, მიმდინარე წლის ივნისში ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების საკითხი. მინისტრმა ელჩს ინფორმაცია მიაწოდა ევროპული საბჭოს 12 პრიორიტეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.

მხარეებმა ასევე განიხილეს მიმდინარე წლის 6 სექტემბერს ბრიუსელში დაგეგმილი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები. ევროკავშირის დელეგაციის ახალი ხელმძღვანელი მიესალმა გასულ კვირას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობას ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაში.

ასევე, განხილულ იქნა ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და ევროკავშირის როლი რეგიონის სტაბილურობის უზრუნველყოფის კუთხით. ელჩმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ”, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები