ნიკოლოზ სამხარაძემ ჩეხ კოლეგასთან უსაფრთხოების საკითხები განიხილა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, რომელიც ვიზიტით პრაღაში იმყოფება, ჩეხეთის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, პაველ ფიშერს შეხვდა.

მხარეებმა უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე და ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის მის გავლენაზე ისაუბრეს. განიხილეს ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო და ფინანსური დახმარება.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინაში ომის გავლენას საქართველოსა და, ზოგადად, სამხრეთ კავკასიაზე. ნიკოლოზ სამხარაძემ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის და ენერგეტიკული უსაფრთხოების შესახებ, ასევე, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე.

საუბარი შეეხო საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის მიღების საკითხს. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჩეხ კოლეგას გააცნო ხელისუფლების გეგმა 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით.

„ჩემმა კოლეგამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩეხეთის მხარდაჭერა საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, საქართველო აუცილებლად მიიღებს კანდიდატის სტატუსს, თუმცა, აღნიშნა, რომ მთავარი არის არა კანდიდატის სტატუსი, არამედ – ევროკავშირში გაწევრიანება და ამისთვის როგორც საქართველომ, ასევე ევროკავშირმა უნდა გადადგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რადგან რუსეთის აგრესიამ ყველას აჩვენა, რომ ევროკავშირის უსაფრთხოება ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებაზეც გადის”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები