Creative Spark Big Idea Challenge კონკურსის გამარჯვებული ცნობილია

2022 წლის აპრილიდან ივლისამდე პერიოდში ბრიტანეთის საბჭოს ,,შემოქმედებითი ნაპერწკალი: უმაღლესი განათლების სამეწარმეო პროგრამის’’ ფარგლებში ბრიტანეთის საბჭოს და ლონდონის მეტროპოლიტენ უნივერსიტეტის თანამშრომლობით 60-წამიანი ვიდეო კონკურსი, სახელწოდებით – Big Idea Challenge ჩატარდა.
კონკურსის მიზანი იყო სტუდენტებს, კურსდამთავრებულებსა და ახალგაზრდა ანტრეპრენერებს შორის ბიზნესიდეების განვითარების ხელშეწყობა და გამარჯვებულებისთვის დახმარების გაწევა იდეების განხორციელების დროს.

ბრიტანეთის საბჭოს ინფორმაციით, Creative Spark Big Idea Challenge არის 60-წამიანი ვიდეო კონკურსი, რომლის მიზანია მეწარმეობის საფუძვლების სწავლება და დახმარების გაწევა იდეის განვითარებიდან მის განხორციელებამდე. ეს კონკურსი არის პლატფორმა, რომელიც მონაწილეებს საშუალებას აძლევს, გაზარდონ საკუთარი ცნობადობა და გაიუმჯობესონ კარიერული პერსპექტივა.

“სასიხარულოა, რომ აზერბაიჯანის, საქართველოს, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთის და უკრაინის 70 უნივერსიტეტიდან წარმოდგენილ 250 ბიზნესიდეას შორის გრანდ ჩემპიონი გახდა იდეა BOOKI ქუთაისიდან. გამარჯვებული გუნდის წევრები არიან: ერეკლე ბერიძე, ანანო შავერდაშვილი, ვალერი გურგენიძე და თეიმურაზ ფხაკაძე. ქუთაისელი სტუდენტების წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა Creative Spark-ის ადგილობრივმა მენტორმა ზვიად მჭედლიშვილმა (Creative Solution). გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ ფულადი პრიზით და პერსონალური მენტორის სესიებით. უნდა აღინიშნოს რომ კონკურსის წინა ეტაპზე, BOOKI-ს გუნდმა ასევე დიდ წარმატებას მიაღწია და Facebook კონკურსში მოიპოვა ხალხის რჩეულის წოდება.

BOOKI-ს იდეა მდგომარეობს ონლაინ პლატფორმის შექმნაში, რომელიც ადვილად გამოსაყენებელი და ინტერაქტიული ონლაინ გარემო გახდება ბუკინისტური წიგნების გამყიდველთათვის და მყიდველთათვის მიუხედავად მათი ასაკისა.

გამარჯვებული იდეის განხორციელება და მომხმარებლებისთვის გახსნა დაგეგმილია წლის ბოლომდე.

გამარჯვებულების და პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ პროექტის ვებ-გვერდს: https://creativespark-bigidea.uk/vote-for-idea-25/

პროგრამა ,,შემოქმედებითი ნაპერწკლის’’ შესახებ
ბრიტანეთის საბჭოს მიერ შემუშავებული პროგრამა „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ 2018 წელს დაიწყო. მას შემდეგ ათასობით სტუდენტმა, კურსდამთავრებულმა თუ ახალგაზრდა მეწარმემ გადადგა პირველი ნაბიჯები თავიანთი ინოვაციური იდეების განსახორციელებლად. პროგრამის მეორე მთავარი მიზანი ახალი თანამშრომლობების ხელშეწყობაა პროგრამის ქვეყნებში, სადაც შემოქმედებითი ეკონომიკის განვითარების დიდი პოტენციალი არსებობს და ახალგაზრდების უმუშევრობა უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. სწორედ ამიტომ, ბრიტანეთის საბჭო აფინანსებს უმაღლესი სასწავლებლების და შემოქმედებით სფეროში მომუშავე ორგანიზაციების თანამშრომლობის განვითარებას აზერბაიჯანში, უზბეკეთში, უკრაინაში, საქართველოში, სომხეთში, ყაზახეთში, ყირგიზეთსა და დიდ ბრიტანეთში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები