გივი მიქანაძე: მნიშვნელოვანია, სახალხო დამცველის არჩევის პროცესში ყველა ის არასამთავრობო ჩაერთოს, რომელიც პოლიტიკისგან განყენებული, ნეიტრალური ორგანიზაციაა

“ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ მნიშვნელოვანია, სახალხო დამცველის არჩევის პროცესში ყველა ის არასამთავრობო ორგანიზაცია ჩაერთოს, რომელიც არის პოლიტიკისგან განყენებული, ნეიტრალური ორგანიზაცია. ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც ამ ნეიტრალიტეტს დაკარგავს, პროცესში მონაწილეობას ვერ მიიღებს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ISFED-მა ნეიტრალიტეტი დაკარგა.

“რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ადგილი აქვს ე.წ. სოლიდარობას, რაც, თავის მხრივ, პარლამენტის მიმართ უპატივცემულობაა. პარლამენტს შანტაჟთან მიახლოებული ენით ესაუბრებიან, რომ თუ “სამართლიანი არჩევნები” (ISFED) პროცესში არ ჩაერთვება, მონაწილეობას თვითონაც არ მიიღებენ. ISFED-მა ნეიტრალიტეტი დაკარგა, როდესაც ივნისის აქციების დროს იმ მოთხოვნებს შეუერთდა, რითაც პოლიტიკაში შესვლა დააფიქსირა. მათ არაერთი შესაძლებლობა ჰქონდათ, რომ პროცესს გამიჯვნოდნენ. იქიდან გამომდინარე, რომ მათ ეს გამიჯვნა არ გააკეთეს, შესაბამისად ჩვენი მხრიდან ურთიერთობა შეუძლებელია.

ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ ISFED-ი ვერცერთ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას ვერ მიიღებს. უსაფუძვლო და არასწორია ვინმეს დისკრიმინაციაზე საუბარი. საუბარია პროცესში ნეიტრალური ორგანიზაციების მონაწილეობაზე. ISFED-ი არის მხარე და არასამთავრობო ორგანიზაციების კვოტით ვერანაირად ამ პროცესში დაშვებული ვერ იქნება. ISFED-ი ის ორგანიზაციაა, რომლის სახელითაც შოთა დიღმელაშვილმა გააკეთა მოთხოვნა მთავრობის მეთაურის გადადგომისა და ტექნიკური მთავრობის შემოღების შესახებ. შემდგომში დამატებით გახდა ცნობილი, რომ ამ ტექნიკური მთავრობის ფორმირებაზე არასამთავრობო ორგანიზაციებს ვეტოს უფლება უნდა ჰქონოდათ. ISFED-ის თავმჯდომარე სცენაზე იდგა – მარტივია, თუ მას სხვა წარმოდგენა აქვს, შეეძლო ეთქვა, რომ ამ მოთხოვნებს არ უერთდება”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები