რატი ბრეგაძე: ბაქაქურს ჰქონდა სრული უფლება, შემოეტანა კონკურსზე საბუთები და მას ეს არ გაუკეთებია 

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე მოსამართლე ნინო ბაქაქურის ევროპულ ინსტიტუტებში წევრობის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს გამოეხმაურა.

„იუსტიციის სამინისტრო პასუხისმგებელია კანდიდატების წარგზავნაზე ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ჯგუფებში, როლებიც მუშაობენ ადამიანის უფლებების და, მათ შორის, სამართლებრივ საკითხებზე. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კანდიდატების მსგავსი წარგზავნა განხორციელებულიყო ბევრად უფრო ტრანსფარენტული წესით. როდესაც ნინო ბაქაქური იყო წარგზავნილი, მაშინ არ არსებობდა არავითარი წესი და იუსტიციის მინისტრი მხოლოდ ერთი ადამიანი ასახელებდა კანდიდატს. ჩვენ შემოვიღეთ ახალი წესი, რომლის თანახმადაც ვატარებთ ღია კონკურსს, სადაც განაცხადის შემოტანა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, რომელიც მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა. გამოცხადდა კონკურსი, 10 დღის განმავლობაში წარმოებდა საბუთების მიღება და შემდგომ ჩატარდა კონკურსი. გადაწყვეტილებას კონკურსზე არ იღებს მხოლოდ იუსტიციის სამინისტრო, არამედ აქ იყო, მათ შორის, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს წარმომადგენელი, ანუ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. კანდიდატის არჩევის წესი გახდა ბევრად უფრო დემოკრატიული და ტრანსფარენტული. როგორც მოგახსენეთ, იუსტიციის სამინისტრო არის პასუხისმგებელი კანდიდატების წარგზავნაზე და ჩვენი მოტივაციაა, რომ რაც შეიძლება ღია და ტრანსფარენტული კონკურსი ჩატარდეს. აქამდე ადამიანი, ფაქტობრივად, ინიშნებოდა, ახლა ხდება მისი არჩევა. აქამდე გადაწყვეტილებას იღებდა კანდიდატზე ერთი ადამიანი, ახლა გადაწყვეტილებას იღებს სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებისგან შექმნილი კომისია – არის თუ არა ეს უფრო დემოკრატიული? – ეს კითხვა რიტორიკულია, რადგან ეს არის ბევრად უფრო დემოკრატიული პროცესი. რაც შეეხება კონკრეტულად ქალბატონ ბაქაქურს, მას ჰქონდა სრული უფლება, რომ შემოეტანა კონკურსზე საბუთები და მას ეს არ გაუკეთებია. შესაბამისად, თუკი ადამიანი კონკურსში მონაწილეობას არ მიიღებს, რა უფლება აქვს მას ისაუბროს ამ კონკურსის სამართლიანობასა თუ უსამართლობაზე? ამ ადამიანს კონკურსში მონაწილეობა არ მიუღია, აქედან გამომდინარე, გთხოვთ – ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ამ საკითხზე სპეკულაცია“, – განაცხადა ბრეგაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები