გიორგი ცუცქირიძე: წელს ყურძნის სარეკორდო მოსავალს ველოდებით, სახელმწიფო სუბსიდირების მეშვეობით ხელს უწყობს მეღვინეობას, ექსპორტს
ეკონომისტი, გიორგი ცუცქირიძე ყურძნის რთველის სუბსიდირების საკითხს ეხმაურება. მისი თქმით, წელს სარეკორდო მოსავალი იქნება. როგორც ეკონომისტი აცხადებს, სახელმწიფო სუბსიდირებით მეღვინეობას, ექსპორტს, გლეხების სტიმულირებას უწყობს ხელს.
„რაც შეეხება ყურძნის რთველის სუბსიდირების თემას: უნდა აღვნიშნო, რომ მევენახეობა ჩვენი სტრატეგიული დარგია, ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალაა, მევენახეობაზე იდგა ჩვენი ისტორია, ვიცით, რომ ყველა დამპყრობელი, პირველ ყოვლისა, ვენახებს ჩეხდა, რომ გლეხი ადგილზე არ დამკვიდრებულიყო. ვიცით, რომ საქართველომ ეს მძიმე პერიოდები გაიარა და დღეს 150-ზე მეტი ვაზის ჯიშია შემონახული, რომლითაც ვამაყობთ. ეს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობაა.
ჩვენ წელს სარეკორდო მოსავალს ველოდებით, 300 000 ტონამდე. ასეთი მაღალი მოსავალი, მგონი, საბჭოთა კავშირის დროს იყო. ბუნებრივად დგება ამ ყურძნის გადამუშავების და ღვინოდ ქცევის საკითხი. თუ 10-15 წლის წინ 30-მდე ღვინის კომპანია იყო, დღეს მცირე, საშუალო და მსხვილი ღვინის კომპანიები 300-მდეა. ამიტომ, ბუნებრივია, სახელმწიფო ამის სუბსიდირებას აწარმოებს. ერთი მხრივ, ხელს უწყობს მეღვინეობას, ექსპორტს, მეორე მხრივ, გლეხების სტიმულირებას უჭერს მხარს. 25 000-ზე მეტი ფერმერი, თუ გლეხი ამ დიდი შრომიდან დიდი შემოსავალს მიიღებს. ძირითადად, თეთრ ყურძენზე და რქაწითელზეა საუბარი. მინიმუმ 90 თეთრი იქნება ჩასაბარებელი ფასი, რაც ძალიან კარგია. ხილზეცაა სუბსიდირება, მათ შორის, არასტანდარტულ ვაშლზე, რაც ფერმერული მეურნეობების მხარდასაჭერადაა მიმართული“, – განაცხადა ცუცქირიძემ.