ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს სტარტაპების პრე-აქსელერაციის პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პრე-აქსელერაციის პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო, რომლის მიზანია რეგიონებში მცხოვრები ინოვაციური მეწარმეების მხარდაჭერა და მათი დახმარება იდეების რეალურ სტარტაპებად გარდაქმნაში.
პრე-აქსელერაციის პროგრამა საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს და რეგისტრაცია უკვე ღიაა დაინტერესებული პირებისთვის. პროგრამის პირველ ეტაპზე, მონაწილეების შერჩევა მოხდება სამეგრელოდან და ეტაპობრივად გაგრძელდება სხვა რეგიონებშიც.
4-კვირიანი ინტენსიური კურსის ფარგლებში, მონაწილეები შეისწავლიან, როგორ აქციონ იდეა მინიმალურ სიცოცხლისუნარიან პროდუქტად (MVP) და მოემზადონ დაფინანსების მოსაპოვებლად.
პრე-აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობა სრულად დაფინანსებულია და მოიცავს:
- ლოჯისტიკურ მხარდაჭერას: ტრანსპორტირება მუნიციპალიტეტებიდან და კვება ფიზიკური შეხვედრებისას;
- ტექნოლოგიურ რესურსებს: წვდომა ფასიან AI ხელსაწყოებზე და მხარდაჭერა თანამედროვე ციფრული ინსტრუმენტების ათვისებაში;
- ექსპერტულ ცოდნას: ინდივიდუალური მენტორინგი და 8 სასწავლო მოდული (იდეის ვალიდაცია, Lean Canvas, პროტოტიპირება, Pitching და სხვა);
- ფინანსურ მზაობას: კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს ექნებათ სრული მზაობა GITA-ს საგრანტო კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად.
პროგრამა შედგება 8 ინტენსიური მოდულისგან, რომლებიც თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების სინთეზს წარმოადგენს. ინიციატივის კულმინაციაა Demo Day — მასშტაბური ღონისძიება, სადაც მონაწილეები საკუთარ იდეებსა და ბიზნესგეგმებს ჟიურის წევრებისა და პოტენციური ინვესტორების წინაშე წარადგენენ. პრე-აქსელერაციის პროგრამაზე განაცხადის შევსება შესაძლებელია აღნიშნულ ბმულზე: https://apps.mygita.ge/zs/m3CZ2e