„სად ვართ ახლა“? – მანუჩარ ოქროსცვარიძის სოლო გამოფენა გაიხსნება
6 სექტემბერს, 16:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში მანუჩარ ოქროსცვარიძის სოლო გამოფენა – „სად ვართ ახლა“? – იხსნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მანუჩარ ოქროსცვარიძის მულტიმედიური პროექტი იკვლევს ხელოვნების წინააღმდეგობრივსა და რთულ ბუნებას, რომელსაც შეუძლია, ერთდროულად ჩაგვრთოს სხვა სუბიექტის მდგომარეობაში, გვიბიძგოს თანაგანცდისკენ. მძაფრად განგვაცდევინოს სხვისი დრამა თუ ფსიქოემოციური მდგომარეობა და, ამავე დროს, დაგვტოვოს ჩვენთვის უსაფრთხო დისტანციაზე, რომელიც საშუალებას გვაძლევს, თანაგანცდილმა დრამამ არ დაგვაზიანოს, არამედ ჩვენთვის ესთეტიკურ ღირებულებად ტრანსფორმირდეს. როგორ შეგვიძლია ხელოვნების საშუალებით, ერთი მხრივ, უფრო მძაფრად შევიგრძნოთ და გავაცნობიეროთ რეალობა, ყოფიერება და მეორე მხრივ პირიქით, მოვშორდეთ მას, დავიცვათ თავი ყოფიერი თუ სოციალური რუტინისგან? კონკრეტული ბედის განცდიდან გადავინაცვლოთ აბსტრაქტული იდეების განზომილებაში?
გამოფენა 25 სექტემბრამდე გაგრძელდება.
მისამართი: რუსთაველის 11.