დონალდ ტრამპი: პოლიტიკურ ავაზაკებს არ ჰქონდათ უფლება შტურმით აეღოთ ჩემი სახლი – ახლა ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც უკანონობაა
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) მის სახლში ჩატარებული ჩხრეკის გამო გააკრიტიკა.
როგორც მან აღნიშნა, ამჟამად, ამერიკის შეერთებული შტატები უკანონო ქვეყანაა.
„საპრეზიდენტო ჩანაწერების შესახებ კანონის თანახმად, პოლიტიკურ ავაზაკებს არ ჰქონდათ უფლება შტურმით აეღოთ მარ-ა-ლაგო [დონალდ ტრამპის რეზიდენცია ფლორიდაში] და მოეპარათ ყველაფერი, მათ შორის პასპორტები და პრივილეგირებული დოკუმენტები. ჩემს სეიფშიც კი შეიჭრნენ. გჯერათ? ეს კანონი შეიქმნა საფუძვლიანი მიზეზით და მუშაობს. ახლა ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც უკანონობაა. გიყვარდეთ ჩვენი ქვეყანა! ის დაბრუნდება თქვენს გულებში უფრო ძლიერი, ვიდრე ოდესმე ყოფილა!“, – განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, 9 აგვისტოს, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პალმ-ბიჩზე მდებარე მარ-ა-ლაგოს მამულში გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს. ტრამპის ადვოკატმა, კრისტინა ბობმა დაადასტურა, რომ FBI-მ მარ-ა-ლაგოს რეზიდენციიდან დოკუმენტები ამოიღო.
მიმდინარე წლის თებერვალში აშშ-ის ეროვნული არქივის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა, რომ ფლორიდაში მდებარე დონალდ ტრამპის რეზიდენციაში თეთრი სახლიდან დაახლოებით 15 ყუთი დოკუმენტები ამოიღო, რომელთაგან ზოგიერთი საიდუმლო მასალებს შეიცავდა.
11 აგვისტოს, აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გარლანდმა განაცხადა, რომ პირადად დაამტკიცა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სახლში ჩხრეკის ჩატარების ორდერი.