ჯო ბაიდენი: იუსტიციის დეპარტამენტის დასადგენია, დაირღვა თუ არა ეროვნული უსაფრთხოება დონალდ ტრამპის რეზიდენციაში
აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ იუსტიციის დეპარტამენტის დასადგენია, დაირღვა თუ არა ეროვნული უსაფრთხოება ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის რეზიდენციაში, სადაც გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) აგენტებმა ჩხრეკისას საიდუმლო დოკუმენტები ამოიღეს.
ცნობისთვის, 9 აგვისტოს, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პალმ-ბიჩზე მდებარე მარ-ა-ლაგოს მამულში გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს. ტრამპის ადვოკატმა, კრისტინა ბობმა დაადასტურა, რომ FBI-მ მარ-ა-ლაგოს რეზიდენციიდან დოკუმენტები ამოიღო.
მიმდინარე წლის თებერვალში აშშ-ის ეროვნული არქივის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა, რომ ფლორიდაში მდებარე დონალდ ტრამპის რეზიდენციაში თეთრი სახლიდან დაახლოებით 15 ყუთი დოკუმენტები ამოიღო, რომელთაგან ზოგიერთი საიდუმლო მასალებს შეიცავდა.
11 აგვისტოს, აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გარლანდმა განაცხადა, რომ პირადად დაამტკიცა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სახლში ჩხრეკის ჩატარების ორდერი.