საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში საპარლამენტო კონტროლის საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში საპარლამენტო კონტროლის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაძლიერებასთან დაკავშირებით გასატარებელი საკანონმდებლო ცვლილებები განიხილეს.

პარლამენტის ინფორმაციით, იმსჯელეს ცალკეული ნორმების ცვლილების, დაზუსტების ან ახლებურად დარეგულირების მიმართულებით რიგ საკითხებზე, მათ შორის, თემატური მოკვლევის, დეპუტატის შეკითხვის, ინტერპელაციის, პრემიერ-მინისტრის ანგარიშის, მინისტრის საათის, კომიტეტებზე თანამდებობის პირების სავალდებულო გამოცხადების, ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის (ნააკის) ჩატარების და სხვა საკითხების ირგვლივ. სამუშაო ჯგუფის სხდომაზე მოსაზრებები და პოზიციები წარადგინეს საპარლამენტო უმრავლესობის, ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

„შეიძლება ითქვას, რომ თითქმის ყველა საკითხთან დაკავშირებით, გარკვეული კონსენსუსი მიღწეულია. არის რამდენიმე საკითხი, რომელიც დამატებით შესწავლას მოითხოვს, რადგან უფრო ფართო რეგულაციის საკითხია ვიდრე მხოლოდ რეგლამენტში შესატანი ცვლილება, მაგალითად პერსონალური ინფორმაციის გამოთხოვის წესთან დაკავშირებით, კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვების ან კომერციულ საიდუმლოებასთან წვდომის საკითხი, რომელიც ცდება რეგლამენტის ჩარჩოებს და პერსპექტივაში ცალკე საკანონმდებლო ინიციატივის შექმნას მოითხოვს. სხვა მექანიზმებზე, რომელიც განვიხილეთ, ფაქტობრივი კონსენსუსი მიღწეულია. რამდენიმე დღეში გაიმართება სამუშაო ჯგუფის კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა, სადაც კიდევ ერთხელ გავივლით ყველა ამ შეთანხმებულ საკითხს და უკვე გვექნება სამუშაო ჯგუფის საბოლოო რეკომენდაცია, რომლის საფუძველზეც სექტემბრის ბოლომდე კომიტეტი პარლამენტს წარუდგენს რეგლამენტში შესატანი შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტს, რომელსაც პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე განიხილავს”, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები